LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესაკუთრე მიწის რეგისტრაციას მარტივად და უფასოდ შეძლებს

147

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის განხორციელება დაიწყო.

როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომლის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ გეორგაფიულ არეალებში რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას საჯარო რეესტრი თავად განახორციელებს.

საპილოტო პროექტისთვის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, 12 დასახლება შეირჩა. ესენია: მანგლისი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთი, ზარიძეები, ვედიდკარი, ლახამულა, საგურამო, მზისგული და შუახევი. ამ დასახლებებში საპილოტო პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, საკუთრების უფლების რეგისტრაციას ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, მარტივად და უფასოდ შეძლებენ.

პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული როგორც მიწის რეგისტრაციის პროცედურა, ისე რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის არსებულ დავების მედიაციის გზით მოგვარება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

დაბა მანგლისი პირველია იმ თორმეტი დასახლებიდან, საიდანაც სისტემური რეგისტრაციების სამუშაოების განხორციელება დაიწყება.

შეგახსენებთ, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები