5 მაისს, საღამოს შვიდ საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული თბილისი“ გაიხსნება. ღონისძიება 9 მაისის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მას ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.
კვირეულის ფარგლებში თბილისში ჩამოვლენ დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან. ქვეყნის ისტორიისა და მისი კულტურის უკეთ წარმოჩენის მიზნით, კვირეული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სტუმრები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს და ეროვნულ სამოსს, დაათვალიერებენ ქვეყნის ღირშესანიშნავ ადგილებს და დააგემოვნებენ ქართული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს.
მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევიან: ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამ ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერს შორის დასახელებული Diane Pernet. Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში, გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები და მასტერკლასები, გამოფენები რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, იმუშავებს 2 შოურუმი.
მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდება Vogue.com-ის, Modemonline-ის, Nowfashion-ის ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს.