LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიას „სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტა, შესაძლოა, 25 მილიონი დაუჯდეს

77

„სითი პარკის“ გენერალური დირექტორი ბენიამინ ლაჰავი აცხადებს, რომ თბილისის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, შესაძლოა, 25 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდეს.

როგორც ლაჰავიმ განუცხადა, 25 მილიონი ლარის შესახებ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა დოკუმენტში დევს ფორმულა, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა დაანგარიშდეს.

„მთავარი რიცხვი მოდის ხელშეკრულებაში ჩადებული ფორმულის საფუძველზე, მაგრამ პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა, რა გზით წავალთ. თუ შეთანხმდება მხარეთა შორის, რომ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მოხდეს, მარტივად შეიძლება ამის დათვლა ფორმულის მიხედვით, მაგრამ თუ მხარეთა შორის შეთანხმება ვერ მოხერხდება, ეს უფრო ძვირი დაუჯდება თბილისის მერიას. აუდიტორული კომპანია „ესტერიანგის“ მიერ ამ თანხის დათვლა არ იყო ჩვენი იდეა. დავით ნარმაინამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან მოიწვია აუდიტი და ჩაატარა კვლევა და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო.  მათ გამოიყენეს ხელშეკრულებაში ჩასმული მექანიზმი, პრაქტიკაში მოიყვანეს ფორმულა, რომელიც იქ წერია და გამოიყვანეს ეს ციფრი. ამის შემდეგ მიაწოდეს მერიას. უკვე ჩართულები არიან პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც კომპანიის უფლებები საერთაშორისო დონეზე უნდა დაიცვას და, რა თქმა უნდა, ეს უფრო ძვირი დაუჯდება მერიას“, – განაცხადა ლაჰავიმ.

თავის მხრივ, როგორც კომპანიის იურისტმა თამარ შუბითიძემ განმარტა, პირგასამტეხლოს თანხა მას შემდეგ უნდა დაითვალოს, რაც სასამართლო კომპანიის მიმართ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. „ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება არავინ იცის“, – აღნიშნა შუბითიძემ.

რაც შეეხება კომპანია „სითი პარკის“ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს 2007 წლიდან დღემდე, როგორც ბენიამინ ლაჰავიმ განაცხადა, კომპანიას საკმაოდ ბევრი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„მხოლოდ ჯარიმის გამოწერის პროგრამა 3,5 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. 7 წელია ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ამ პროგრამის განახლება მოქალაქეებისთვის უფრო მოქნილი სერვისის შესათავაზებლად. გარდა ამისა, მხოლოდ 9 ევაკუატორზე რომ ვისაუბროთ, რომელიც შევიძინეთ ამ საქმიანობისთვის, მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის მინიმუმი ხარჯი, რაც მოუწევს მერიას, რომ „სითი პარკი“ ჩაანაცვლოს. მინიმუმ 9 ევაკუატორი უნდა ჰყავდეს მას. დღემდე მუნიციპალიტეტის ხარჯი პარკირების სისტემაში იყო ნული თეთრი, ხოლო დღგ-ს „სითი პარკიდან“ იღებდნენ. არსებობდა გზა, როგორ შეწყვეტილიყო ხელშეკრულება. ეთქვათ, რომ არ უნდოდათ თანამშრომლობა, ჩამოვართმევდით ხელს, მოხდებოდა ანგარიშსწორება და დავასრულებდით ურთიერთობას“, – განაცხადა ლაჰავიმ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 10 აპრილიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები