LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიამ 40 ათას მშიერ ადამიანს 200 ათას ლარამდე წაართვა და საახალწლო განათებებზე 2,6 მილიონ ლარს ხარჯავს

562
Capturesdgfg

ადამიანებს, რომლებსაც შიათ, სახლში საჭმელი არ აქვთ და უფასო სასადილოებში დადიან, მიმდინარე წლის ბოლოს მერიამ დაფინანსება თითქმის 200 ათასი ლარით შეუმცირა, სამაგიეროდ, დედაქალაქის მერი ყოველ წელს მილიონობით ლარს საახალწლო განათებებზე ხარჯავს.

კახა კალაძის მერობის პირველ წელს გვითხრეს, რომ დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი საახალწლო განათებებზე ერთი მიზეზით იხარჯებოდა: მერია ხარისხიანი განათების შეძენას გეგმავდა. 2017 წელს ამ არგუმენტით „დაგვამშვიდეს“.

ერთ წელიწადში გვახარეს, რომ განათებებზე კიდევ დამატებით 3 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოსო. არადა, რომ გეკითხა, ერთი წლის წინ ხარისხიანი განათებები იყიდეს.

წელს, როცა უფასო სასადილოების მიმართულებას ბიუჯეტი შეუმცირეს და 40 ათას მშიერ ხალხს 200 ათას ლარამდე წაართვეს, მერიამ გვითხრა, რომ საახალწლო განათებებზე დამატებით კიდევ 2,6 მილიონი უნდა დავხარჯოთო.

რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, სამ წელიწადში საახალწლო განათებებზე თითქმის 8 მილიონი ლარი რატომ გამოიყო ღარიბი ქვეყნის ღარიბი დედაქალაქის ბიუჯეტიდან, რომელსაც 40 ათასი ოფიციალური მშიერი ადამიანი ჰყავს, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ქალაქს სხვა უამრავი პრობლემა აქვს… რატომ არ შეიძლება წინა წელს შეძენილი განათებების გამოყენება და სად მიაქვთ ყოველ წელს ნაყიდი საახალწლო ნათურები?

ჩვენ საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ქრონოლოგიურად გვითხრა, რა ხდებოდა ამ კუთხით კალაძის მერობის პირველი წლიდან დღემდე:

„2017 წელს, დაახლოებით 3 მილიონი ლარიანი ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მილანურ კომპანიასთან გააფორმეს. მაშინ თქვეს, რომ 3 მილიონს ვაძლევთ, საუკეთესო კომპანიაა, ლონდონის ქუჩებიც მან მორთო და ხარისხიანს ვყიდულობთ, რომ მრავალჯერადად გამოგვადგებაო – ეს იყო მათი არგუმენტი. 2018 წელს 2 მილიონ ლარამადე კიდევ დაიხარჯა ამ საახალწლო განათებებზე და წელს კიდევ 3 მილიონ ლარამდე დავხარჯავთ. წინა წელსაც ამ იტალიურ კომპანიას მისცეს, ახლა ისევ იმავე მილანურ კომპანიას აძლევენ ამ თანხას.

საინტერესო დეტალია ის, რომ ამ მილანური კომპანიის საიტზე რომ შედიხართ, ფოტოგალერეაში რა ფოტოები აქვს, ის ფოტოები მერიამ სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადო, რომ ასეთი უნდა იყოს ზუსტადო“, – ამბობს ხაბეიშვილი.

რაც შეეხება კითხვას, სად მიდის ძველი სათამაშოები და თუ ხარისხიანია, რატომ არ ვიყენებთ მეორე ან მესამე წელს, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნაწილი ჩამოცვივდა რუსთაველზე, ნაწილი გარეუბნებში გადააქვთ.

„ბაფთები რომ დაკიდეს 2017 წელს, ხომ გახსოვთ, ისინი ცვიოდა რუსთაველზე, მერე ნაწილი გარეუბანში გადაიტანეს.

ესენი ამბობენ, ხარისხიანს ვიყიდითო, მაგრამ არ ყიდულობენ.

ამხელა თანხებს მილანურ კომპანიას რომ უხდიან, არაფერი ისეთი არაა, რომ საქართველოში ვერ აიწყოს ან არ აიწყოს.

როგორც ვიცი, ეს განათებები არის დასაწყობებული და იყენებენ მაშინ, როცა ეტყვიან. აქ მნიშვნელოვანია ისა, რომ ცოტა ხნის წინ საკრებულოს სხდომაზე 100 ათასობით ლარით შემცირდა უფასო სასადილოების მიმართულება. ანუ ადამიანებს რომ შიათ, იმათ ფულს აკლებ და ნაძვის ხეზე ხარჯავ“, – ამბობს ხაბეიშვილი.

ლევან ჯღარკავამ, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი იყო და დღეს კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციაში გაუშვა, გვითხრა, რომ პერიოდულად განათებები ზიანდება, ნაწილს კი რეგიონებს ჩუქნიან. სწორედ ასე ხსნის ჯღარკავა ყოველ წელს საახალწლო განათებებში მილიონობით ლარის ხარჯვას.

„ნაწილი იტალიიდან ჩამოდის. დარჩა კიდევ ტენდერი, ვინ გაიმარჯვებს და ვინც იქნება, იქიდან ჩამოვა. ძველი განათებები მიდის გარეუბნებში, რუსთაველიდან მაგ. დიდუბეში გადავა, რობაქიძეზე, წერეთლის გამზირზე. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე. დასაკიდებელი კონსტრუქცია ბოძის პარალელზე უნდა იყოს და სხვა ბევრი დეტალია.
განათებებს მოვლა-პატრონობა სჭირდება. მაღალხარისხიანს ვყიდულობთ, იმიტომ რომ უფრო ადვილია და მოვლა დიდ დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული.
მაგ. შარშანწინდელს რეგიონებს ვჩუქნით. 7-8 ასეთი ფაქტი გვაქვს, მიაქვთ ფოთში, ზუგდიდში.
ნაძვის ხეს რაც შეეხება, ის უკვე 5 წლის არის და მისი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან. არის მცდელობა, დადასტურებულად ვერ გეტყვით, ერთ-ერთ რეგიონს სურს წაღება. რთული კონსტრუქცია არაა და შეიძლება წაიღონ“, – აცხადებს ჯღარკავა.

 

საახალწლო განათებები, რომელიც ყველას უხარია, განურჩევლად ხელფასის ოდენობისა და შემოსავლისა, ყველა ქალაქში, მათ შორის ჩვენნაირ ღარიბ ქალაქშიც აუცილებელია, თუმცა რა საჭიროა, ყოველ წელს მილიონობით ლარის დახარჯვა და რატომ არ ვიყენებთ მაგალითად წელს, შარშანდელ განათებებს, ეს კითხვები მაინც პასუხგაუცემელი დარჩა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები