LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია ვერ ხედავს ვარკეთილში 8-სართულიანი უკანონო ნაგებობის არსებობას და ხედავს ერთსართულიანი, ერთოთახიანი უკანონო ბინების არსებობას ქალაქის შემოგარენში: ონიანი

157
1

თბილისის მერიის მიერ, ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟის პროცესს თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, გოგა ონიანი ეხმიანება.

ონიანის შეფასებით, მერია ვერ ხედავს ვარკეთილში 8-სართულიანი უკანონო ნაგებობის არსებობას და ხედავს ერთსართულიანი და ერთოთახიანი უკანონო ბინების არსებობას ქალაქის შემოგარენში.

გოგა ონიანის განცხადებითვე, ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 4-პუნქტიანი შეთავაზება აქვს:

“დღეს ქალაქში გვაქვს მოცემულობა, რომ მერია ვერ ხედავს ვარკეთილში 8-სართულიანი უკანონო ნაგებობის არსებობას და ხედავს ერთსართულიანი, ერთოთახიანი უკანონო ბინების არსებობას ქალაქის შემოგარენში. ამ ბინების ნგრევა დღეს, ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში დაიწყო. სწორედ ამიტომ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას” გვაქვს 4-პუნქტიანი შეთავაზება, რაც სრულად უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის უმტკივნეულოდ გადაჭრას:

1. ვინაიდან მერიამ თავის დროზე ვერ უზრუნველყო და დღეს ამ პატარა ბინების არსებობა უკვე, ფაქტია, უნდა მოხდეს აღნიშნული ბინების დაკანონება, ხოლო მიწები, რომელზეც არის ეს ბინები აშენებული, ნორმატიულ ფასში უნდა გადაეცეთ ამ ადამიანებს.

2. ვინაიდან ეს ადამიანები საუბრობენ, რომ აქ არის თაღლითობის ორგანიზებული ჯგუფები და მხოლოდ საუბარი გვესმის ამის შესახებ, პროკურატურამ აღნიშნული უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს – ვინ თაღლითობს და რა ჯგუფები არიან ისინი.

3. ვინაიდან ამ ადამიანებს თავის დროზე არ მიეცათ შესაბამისი დირექტივა, რომ მშენებლობა შეჩერებულიყო და უკვე გაწეულია მათ მიერ აღნიშნული ხარჯები, მის დაკანონებამდე და ნორმატიულ ფასში მიწის გადაცემამდე, ამ ბინების ნგრევაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

4. ერთი მხრივ, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში ეს ადამიანები არ დარჩებიან საცხოვრისის გარეშე, ხოლო მეორე მხრივ, მოგვარდება ის პრობლემა, რომელზეც ჩვენი ხელისუფლება ასე აპელირებს.

როცა მათი ინტერესია, 8-სართულიან კორპუსზეც არ აქვთ არანაირი პრეტენზია, როცა მათი ინტერესია, 700 კვ მ მიწა შეუძლიათ 7 ათას კვ. მ მიწაში გაუცვალონ, სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი”, – თქვა ონიანმა.

შეგახსენებთ, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში დღეს უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.

როგორც დედაქალაქის მერიაში ამბობენ, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.