“სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩენილ დამატებით შეკითხვებს ეხმაურება.
2018 წლის 10 აპრილიდან, პარკირების სისტემის რეგულირებას უწყვეტ რეჟიმში თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
2018 წლის 10 აპრილამდე, პარკირების საფასურის გადახდა “სითი პარკის” ანგარიშზე, ჩვეულ რეჟიმში მოხდება. გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ.
2018 წლის 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასურის გადახდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე მოხდება, რის შესახებაც მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ. 2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე, ჯარიმას კვლავ “სითი პარკი” გამოწერს, რომლის გადახდაც სავალდებულო იქნება და განხორციელდება საჯარიმო ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე.
10 აპრილიდან დაჯარიმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია “სითი პარკის” მეშვეობით განხორციელდება, 10 აპრილიდან კი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.
პარკირების წესების დარღვევის გამო ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში, კომპანია “სითი პარკის” მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება გადაყვანილი, ხოლო 10 აპრილის შემდეგ, ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს.
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანია “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს. შესაბამისად, პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა“, – აცხადებენ მერიაში.