LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია მიკროავტობუსებში მგზავრთა მთვლელის მოწყობილობის შესაძენად 3 მილიონზე მეტს დახარჯავს

81
avtobus

მერია მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების  1 000 მთვლელს იყიდის.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყება და 21 მაისს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1 000 მთვლელის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 300 000 ლარი იქნება.

შესაბამისად, გამოდის, რომ საშუალოდ, ერთი მოწყობილობის ღირებულება 3 300 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა დათვლის სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სენსორით, რომელიც დამონტაჟდება მიკროავტობუსებში და თითოეულ გაჩერებაზე მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის აღრიცხვას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული მოწყობილობების შეძენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების მგზავრობიდან მიღებული შემოსავალი მიემართება სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო მგზავრთა რაოდენობისა და გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის კონტროლისა და მეტი სიზუსტისთვის, წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მსგავსი მოწყობილობების მონტაჟი“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მიაწოდოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები