თბილისის მერია 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე გარევაჭრობითაა დაკავებული – ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება. მოზარდს ახალი მზიურის ტერიტორიაზე ჯიხურს დღეს 14:00 საათზე გადასცემენ.
გიგი ანთაძის მხარდაჭერის შესახებ კახი კალაძემ რამდენიმე დღის წინ ილაპარაკა. მან თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა ანთაძის საკითხი შეისწავლოს და თუ საჭიროა, ფინანსურადაც დაეხმარონ.
15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, წლებია, რუსთაველის გამზირზე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ნივთებს ყიდის. მისი ასაკის მიუხედავად, ეს პატარა ბიჭუნა ჩართულია თავის კერძო ბიზნესში. ბოლო პერიოდში გიგი რუსთაველის გამზირზე ფრეშ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს.
„ჩვენ გვაქვს რეგულაციები გარევაჭრობასთან დაკავშორებით, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, ვერ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ცალკეულად იყოს გამოყოფილი გიგი და თავის საქმიანობა გააგრძელოს.
მინდა, სოფო ხუნწარიას დავავალო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდა ბავშვს, რომელმაც ბიზნესი თავისით შეიქმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო გახდა, მეც ჩავერთვები და ფინანსური დახმარებისთვისაც მზად ვიყოთ, გიგის ამ მიმართულებით ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს,“ – აღნიშნა კალაძემ.