LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მერჩივნა, როგორც ჩემპიონი, ხალხს ისე გავეცანი“ – რას ამბობს აქციების სიმბოლოდ ქცეული გოგო, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია

210
Untitled design (1)

„ოცნებად მაქვს ევროპაში მოგზაურობა და რუსული პასპორტით ამას ვერ შევძლებ, არასოდეს ვიქნები რუსეთის მონა“, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სალომე კენჭიაშვილი – გოგო წითელი შარვლით, რომელიც 7-8 მარტს, პარლამენტთან გამართული აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

“ერთ მომენტში უკან გავიხედე, არ მეგონა თუ იქ მარტო ვიდექი.. ჩემთვის არ იყო საშიში, ცოტა გავერთე კიდევაც..” – ვინ არის წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგო წითელი შარვლით?

სალომე კენჭიაშვილი, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია, აღნიშნავს, რომ ერჩია, საზოგადოებას როგორც ჩემპიონი, ისე გაეცნო:

„აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ დაშავების რისკები იყო. არ მეგონა, რომ ჭავლის წინ ვიდგებოდი. არც ის მეგონა, რომ მაგ მომენტში, რაც კადრზე არის აღბეჭდილი, მარტო ვიდექი. ერთ მომენტში, გავიხედე და ვთქვი, ხალხი რა შორს არის და მე რა მინდა წინ?

თავიდან მინდოდა, მაინც სპორტსმენი ვარ, მყარი დგომა მაქვს და ვიცოდი, წყალს თუ შემომასხამდნენ, ვერ წამაქცევდნენ. თუმცა წყალი ისეთი ძლიერი იყო, დალურჯებები მაქვს.

შემდეგ დავიწყე ჭავლის აცილება, შემდეგ უკვე „მუღამში“ შევედი და ცოტა გავერთე. სახლში წასვლისას ჩემს ძმას დავურეკე, ნახე-მეთქი? მიპასუხა – კიო. თავიდან ჩემს ძმებსაც ბიჭი ვეგონე, მაგარი ტიპიაო.

ვიღაცამ პირდაპირ ეთერშიც თქვა, რომ ბიჭი დააკავესო და შემდეგ გადააკეთეს – გოგოო. მეც ვიცი, რომ „ტომბოის“ სტილი მაქვს და ბიჭი ვგონივარ ხალხს და არ მრცხვენია. იმ მომენტში როცა ვხტუნაობდი, ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი, რომ არ წავქცეულიყავი.

მე ოცნებად მაქვს ევროპაში მოგზაურობა და რუსული პასპორტით ამას ვერ შევძლებ, არასოდეს ვიქნები რუსეთის მონა. ბებიაჩემი 85 წლის არის და რომ გაიგო, აქციაზე წითელი შარვლით მე ვიყავი, მითხრა, ძალიან ვამაყობ შენითო. მაღაზიაში ვმუშაობ, ეს დღეები ხალხი შემოდის, მცნობენ, მადლობას მიხდიან“, – ამბობს სალომე კენჭიაშვილი ინტერვიუში.

„გურული დღიურების ფონდი” აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელსაც პირველი სალომე კენჭიაშვილი მიიღებს” – გიორგი კეკელიძე