საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში 22 წლის მერაბ შარიქაძე უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად გამოდის. მან უკვე მოახერხა საუკეთესო მორაგბის ტიტულის მოპოვება. მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2012 წელს შედგა. ამჟამად შარიქა საფრანგეთის კლუბ ”ორიაკში” თამაშობს. ბორჯღალოსანთა რიგებში მონაწილეობა აქვს მიღებული 2015 წლის მსოფლიოს თასზე.
როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები რაგბში, როგორია საზღვარგარეთ თამაში, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში და რა მიზანს ინახავს საიდუმლოდ, ამას მერაბ შარიქაძის ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მოდი, დავიწყოთ ბავშვობიდან. როგორც ვიცი, მოსკოვში დაიბადე. თუ გახსოვს იქ ცხოვრების პერიოდი და რა იყო საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი.
– კი, მოსკოვში დავიბადე და საკმაოდ ბევრი რამ მახსოვს. წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ ჩემ მშობლებს არ უნდოდათ რუსულ სკოლაში მესწავლა და როდესაც 6 წლის გავხდი, მთელი ოჯახით წამოვედით საქართველოში (დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი 1 წლით უფროსი დაიკო და მე).
– სკოლის პერიოდზე რას იტყვი. გიყვარდა სწავლა თუ მხოლოდ სპორტზე იყავი ორიენტირებული?
– სკოლის პერიოდს იმით გამოვარჩევდი, რომ ბოლო პერიოდში, როცა უკვე ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი, პლუს ამას შვიდკაცა ნაკრებში, რთული იყო სპორტის და სწავლის შეთავსება, რადგან ხშირად მიწევდა უცხოეთში ყოფნა. თუმცა იმას არ ვამბობ, რომ შეუძლებელია ორივე ერთად, მაინც მოვახერხე და შევძელი სკოლის დამთავრება და თანაც ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებლად. ამით იმის თქმა მინდა, რომ მშობლები თუ წაიკითხავენ ამ ინტერვიუს, ნუ შეეშინდებათ. იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის, ასე რომ, შეიყვანეთ შვილები რაგბზე.
კითხვას თუ დავუბრუნდები, ყველა საგანზე ნამდვილად არ ვგიჟდებოდი, მაგრამ რამდენიმე ძალიან მიყვარდა.
– რა ასაკიდან გაჩნდა შენს ცხოვრებაში რაგბი? გიფიქრია თუ არა კიდევ სხვა პროფესიაზე?
– 13 წლის ვიყავი რაგბის თამაში რომ დავიწყე, თუმცა მანამდე ეზოში ვთამაშობდით ხოლმე. სხვა პროფესიაზე სერიოზულად არ მიფიქრია, მაგრამ სანამ კარიერას დავამთავრებ, მინდა რაიმე სხვა პროფესიაც შევისწავლო.
– ოჯახს რაც შეეხება. რა როლი აქვს შენ ცხოვრებაში მშობლებს, მიუძღვით თუ არა მათ წვლილი შენს წარმატებულ კარიერაში?
– როგორც ალბათ ყველას ცხოვრებაში, ჩემთვისაც ოჯახი უმთავრესია, ყველაფერზე წინ დგას და თავისთავად ჩემი ოჯახის წევრებს მიუძღვით წვლილი და თან ძალიან დიდი.
– ახლა მოდი შენს მეორე ოჯახზე ვისაუბროთ. მოგვიყევი შენი პირველი ნაბიჯები რაგბში.
– ჩემი მეორე ოჯახი აკადემიაა, სადაც თამაში დავიწყე და ეს გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. ბევრი რამ ვისწავლე, როგორც თამაშის კუთხით, ასევე მოედანს მიღმა. შევიძინე ჩემთვის დღემდე უახლოესი ხალხი, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოჯახის წევრია. განსაკუთრებული მადლობა აკადემიის ყველა მწვრთნელს, რომლებსაც ყოველთვის სჯეროდათ და სჯერათ ჩემი და რომლებმაც ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩემში. იმედი მაქვს, მათ იმედებს არ გავუცრუებ.
– აკადემიის შემდეგ იყო ინგლისი, სადაც კოლეჯში სწავლობდი. რა შეისწავლე და როგორ გახსენდება იქ ცხოვრების პერიოდი?
– ინგლისი იყო გარდამტეხი ჩემ ცხოვრებასა და კარიერაში. ეს იყო უდიდესი გამოცდილება რაგბის მხრივ, რადგან ძალიან ძლიერ გუნდში მომიწია თამაში. ასევე ძალინ დიდი გამოცდილება მივიღე დამოუკიდებლად ცხოვრების კუთხით. მოკლედ, რომ ვთქვა, ინგლისი კარგად მახსენდება.
– ინგლისში ცხოვრების დროს გრჩებოდა თუ არა გართობისთვის დრო?
– ვერ ვიტყვი, რომ არ მრჩებოდა, მაგრამ ძირითადად მაინც რაგბზე ვიყავი კონცენტრირებული.
– რაც შეეხება საქართველოს. ნაკრებში ძალიან ახალგაზრდა მოხვდი. როგორ მოხდა შენი შერჩევა?
– კი, ახალგაზრდა ვიყავი, 18 წლის. ალბათ ახალგაზრდული და შვიდკაცა ნაკრებიდან. შესარჩევ ეტაპზე გამომიძახეს, ერთი თამაში ერთმანეთში გვათამაშეს და იმის მიხედვით აგვარჩიეს ახალი მოთამაშეები. აქედან მოყოლებული ვარ დღემდე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრებში ადგილი გარანტირებული მაქვს. ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს ვინმე, ვინც უკეთესი იქნება, ამიტომ ნაკრების ყველა მოთამაშეს გამუდმებით უწევს თავდადებული შრომა და ვარჯიში.
– გაიხსენე შენი დებიუტი საქართველოს ნაკრებში.
– 2012 წელი – მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ, რომელშიც დავმარცხდით და არც თუ სასიამოვნოა გასახსენებლად. თუმცა ამის შემდეგ უკვე მე-5 წელია ერთა თასზე არცერთი თამაში არ წაგვიგია..
– და რომელი თამაში დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
– 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან მატჩი და ისტორიული გამარჯვება.
– ასევე არ შემიძლია არ გკითხო. როდესაც რუსეთის ნაკრებთან თამაშობ, რას ნიშნავს ეს შენთვის. როგორ ფიქრობ, ამ დროს მხოლოდ სპორტია, თუ სხვა პრიორიტეტებიც წამოიწევს?
– რეალურად ეს არის თამაში, რომლის დროსაც იცი, რომ არ უნდა წააგო. რაც არ უნდა მოხდეს, ეს არის თამაში, რომლის დროსაც ყველაზე მეტად ვნერვიულობ იმიტომ, რომ ვიცი წაგების უფლება არ გვაქვს. მაგრამ მაინც, ჩვენ სპორტსმენები ვართ და იძულებულები ვართ ამას ისე შევხედოთ, როგორც თამაშს, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებთ კარგად გამოსვლას. ასეთი გამონათქვამი არსებობს თანამედროვე რაგბში: ითამაშე ცივი გონებით და ცხელი გულით. ასე რომ, ვალდებულები ვართ ემოციებს არ მივცეთ იმის საშუალება, რომ გონება, ასე ვთქვათ, დაგვიბინდოს.
– როდესაც 21 წლის ასაკში საუკეთესო მორაგბედ დაგასახელეს, რას ნიშნავდა ეს შენთვის, მოგემატა თუ არა პასუხისმგებლობა, რომ უფრო მეტი გაგეკეთებინა?
– კი, პასუხისმგებლობა ერთი ორად გაიზარდა და სიმართლე გითხრათ ძალიან რთულიც არის, ყველა ბევრად მეტს ითხოვს. თუმცა ალბათ ეს ნორმალურიცაა. შეიძლება ითქვას, პატარა ჩავარდნაც მქონდა. ყოველ შემთხვევში არიან ადამიანები, ვინც ასე ფიქრობს და ვერც გავამტყუნებ, რადგან მეც უფრო მეტს მოვითხოვ საკუთარი თავისაგან.
თან ამას ტრავმაც დაემატა. კრიტიკაც მოვისმინე, მაგრამ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ და თავს გადავდებ იმისათვის, რომ დავამტკიცო ის, რაც დასამტკიცებელი მაქვს.
– რაც შეეხება შენს ამჟამინდელ ფრანგულ ცხოვრებას. რას გვეტყვი გუნდზე, გეხმარება თუ არა კარიერულ წინსვლაში და როგორი დამოკიდებულება გაქვთ მორაგბეებს ერთმანეთთან?
– საკმოდ კარგი გუნდია, ახლა ტოპ 14-ის საგზურისათვის ვიბრძვით და რეალური შანსიც გვაქვს, რომ მომდევნო წელს ტოპ 14 -ში ვიასპარეზოთ. ერთმანეთთან ყველას ძალიან კარგი და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და თავს კომფორტულად ვგრძნობ, მით უმეტეს ჩემთან ერთად სამი ქართველი მორაგბეა, რომლებთანაც განუყრელად ვძმაკაცობ.
– რა არის შენი მინიმუმი და მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც გინდა?
– ასე გეტყვით: მიზნად მაქვს, რომ ტოპ 14-ის გუნდში ვითამაშო და ამ მიზნის შესრულებას თუ მოვახერხებ, დანარჩენს მერე გეტყვით.
– გარდა ვარჯიშისა და თამაშებისა, დრო თუ გრჩება გართობისთვის. რას აკეთებ თავისუფალ დროს?
– არც თუ ბევრი დრო მრჩება. განსაკუთრებულს არაფერს, მეგობრებთან ერთად ვარ და ხან რაიმეს ვთამაშობთ ან რაიმეს ვუყურებთ. შეიძლება ისეთი დაღლილი ვიყო, უბრალოდ მეძინოს.
– ცოტა პირადზეც. რა ხდება პირად ცხოვრებაში, გყავს თუ არა რჩეული და ხომ არ აპირებ დაოჯახებას?
– დაოჯახებას ჯერ არა, მაგრამ კი რჩეული მყავს.
– როგორ ეგუებიან შენი მეგობრები შენს ასეთ დიდ მანძილზე ცხოვრებას?
– მგონი უკვე შეეგუვნენ, აღარ უკვირთ, რომ შეიძლება საქართველოში ვეგულებოდე, მომწერენ და უცებ აღმოჩნდეს, რომ უკვე აღარ ვარ საქართველოში ან პირიქით, საქართველოში არ ვეგონო და უცებ დავურეკო ქართული ნომრიდან.
– ჯერ ალბათ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი, მაგრამ მაინც გკითხავ. როდესაც დადგება ეტაპი, რომ რაგბის თამაშს ვეღარ შეძლებ, სად წარმოგიდგენია შენი თავი, რა სტატუსით?
– ჯერ ნამდვილად არ ვიცი, ისე კი, მწვრთნელად ნამდვილად ვერ წარმომიდგენია. ალბათ უფრო რაიმე საორგანიზაციო კუთხით ვხედავ ჩემ თავს.
ნინო როსტიაშვილი