მერაბ სეფაშვილი 14 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ კონცერტს მართავს. ის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად, რომლებიც მას გვერდს დაუმშვენებენ.
მერაბი ამ ბოლო დროს იმიჯშეცვლილი წარდგა საზოგადოების წინაშე. მას ახალი ვარცხნილობა აქვს, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა. ცნობილ მომღერალს „სტრადა“-ში შევხვდით და ყველა საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.
მერაბ სეფაშვილი:
14 ოქტომბერს დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გავმართავ. მადლობა მხარდაჭერისთვის. ვცდილობ, კარგი გამოვიდეს. იქნება ძველი და ახალი სიმღერები, რომლებსაც ბენდთან ერთად შევასრულებ.
რას ნიშნავს ჩემთვის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილე? ეს თარიღი, პირველ რიგში, გამოცდილებას უკავშირდება, რომელიც ამ წლების განმავლობაში მივიღე. ეს ნებისმიერი არტისტისთვის მნიშვნელოვანია. მართლა ძალიან დიდი გამოცდილებაა და კონცერტი უნდა იყოს მაყურებლისთვის საინტერესო და ხარისხიანი. ისეთი მუსიკოსები შევიკრიბეთ, რომ მუსიკალური მხარე იქნება ნამდვილად ხარისხიანი. ეს იქნება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი. ვცდილობ, ვიყო ფორმაში და ყოველ წელს შევძლო რაღაც ახალი.
ვოკალს ავარჯიშებთ ხოლმე?
ასე არ ვმეცადინეობ, მაგრამ ვცდილობ, ბევრი ვიმღერო არა მხოლოდ საკონცერტო დარბაზებში, არამედ კლუბებში, სხვადასხვა ადგილას. ძალიან მნიშვნელოვანია, მომღერალმა ხშირად იმღეროს. ასევე ჩაწეროს ახალი სიმღერები. 14 ოქტომბრის კონცერტზე აჟღერდება ძველი სიმღერები ახალი ვერსიებით. ეს ყოველთვის საინტერესოა და მოდურიც გახდა. მთელი მსოფლიო ასეა. ახალი ნაკლებად იწერება. მეც მსურს, რომ კარგი ძველი სიმღერები არ დავკარგო.
შოუბიზნესი, მგონი, მეტ-ნაკლებად ამოძრავდა საქართველოში…
(იცინის) მე უფრო მეტს ვისურვებდი. ძალიან ბევრი ახალგაზრდა კარგი მომღერალი გამოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კონცერტი ჰქონდეთ, ამ სფეროს მიეცეს განვითარების, მათ კი – სცენაზე გამოსვლის საშუალება.
საქართველოში სულ ასე ხდებოდა, არჩევნებთან ერთად აქტიურდებოდა კონცერტების თემაც. შოუბიზნესი კი არ უნდა იყოს დამოკიდებული არც სახელმწიფოზე და არც კერძო ინვესტიციაზე. თავისით უნდა ვითარდებოდეს.
დღესაც ასეა?
დიახ, ასე გრძელდება, რა თქმა უნდა. ალბათ, სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც შეუძლია, თავისი შემოქმედება აწარმოოს საკუთარი შემოსავლით. რეალურად, მომღერლებს ძალიან მცირე შემოსავალი აქვთ. ეს არ ყოფნის იმას, რომ მიხვიდე სტუდიაში, ჩაწერო სიმღერა, გადაიღო კლიპი. ძალიან ძვირია ეს ყველაფერი.
ქართველი მომღერლები, ძირითადად, ამ ყველაფერს სხვადასხვა ადამიანის ქველმოქმედებით ახერხებენ ხოლმე…
ასეა და ასე არ უნდა იყოს. ძალიან კარგია მეგობრები, ადამიანები, ვისაც ეს სფერო უყვარს და უანგაროდ გეხმარებიან, მაგრამ ყველას უნდა შეეძლოს, თვითონ შექმნას საკუთარი პროდუქცია.
ფორმაში ყოფნა ვახსენეთ და გავიგე, რომ სიგარეტისთვის თავი დაგინებებიათ.
35 წელი ვეწეოდი და ერთი თვეა, სიგარეტს დავანებე თავი. სხვადასხვა ალტერნატიულ საშუალებას ვიყენებ და ბევრად კარგად ვარ. კარგად იმოქმედა სუნთქვის ამბავზე. პატარაც აღარ ვარ, ეს აუცილებელი იყო და დიდი ხნის წინაც უნდა გამეკეთებინა.
ახლა რამ გაიძულათ?
თავისთავად მოხდა. აღარ მომწონდა მოწევა. ისიც არ მომწონს, სხვა რომ ეწევა ჩემი თანდასწრებით.
ანუ გუგული მაღრაძის ინიციატივამ სულზე მოგისწროთ…
(იცინის) ამ კანონპროექტს ვეთანხმები, რადგან როცა ეწევი, სხვა არ უნდა შეაწუხო, გახვიდე გარეთ და ისე მოწიო. მე რამ მაიძულა, ვერ გეტყვით. არ მგონია, რომ ისევ დავიწყო.
ფიზიკურად კარგ ფორმაში ხართ და ვარჯიშიც ხომ არ დაიწყეთ?
არა, ჯერჯერობით არ დამიწყია.
ახალგაზრდულად გამოიყურებით. ახალი ვარცხნილობა გაქვთ…
(იცინის) ცოტა თმა მოვიმატე… უამრავი ახალი ტექნოლოგიაა მსოფლიოში. ამას ჰქვია იმპლანტაცია. მერე მითხრეს, თუ საქართველოში მოეწონებათ, გასწავლით, ასე ფულიც როგორ გააბევროთო (იღიმის). საზღვარგარეთ გავიკეთე თმის იმპლანტაცია.
სოციალურ ქსელებში თქვენი ახალი ვარცხნილობა აიტაცეს…
(იცინის) კი, კი, ვნახე.
ელოდით ასეთ რეაქციას?
არ ვიცი. ჩემი აზრით, სცენაზე ესთეტიკური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემები მქონდა და მოვიგვარე.
ჩაცმულობაზეც მინდა გკითხოთ. 14 ოქტომბერს იცით, რას ჩაიცვამთ?
ჯერჯერობით, არ ვიცი. თავად ვარჩევ ხოლმე, არავინ მეხმარება, ვყიდულობ. კონცერტამდე ერთი კვირით ადრე გადავწყვეტ, რას ჩავიცვამ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გამოიყურებოდე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, მთავარია, სცენაზე კომფორტულად ვიყო. რამდენიმე ვარიანტი მექნება არჩეული და ხასიათის მიხედვით შევარჩევ.
მუსიკალურ მხარეზე ისევ გკითხავთ. დუეტები შესრულდება?
ჩემს კონცერტზე პირველად შესრულდება რამდენიმე დუეტი. ვისთან, ამას სიურპრიზად დავტოვებ. იმდენი დუეტი მაქვს ჩაწერილი, ყველა რომ ვიმღეროთ, შეუძლებელია…
ღელვის საფუძველი გაქვთ, კონცერტის წინ ნერვიულობთ?
ყველა კონცერტის წინ ვღელავ, მაგრამ როგორც კი სცენაზე გადიხარ, ღელვა მთავრდება. ბევრჯერ მქონია ექსტრემალური სიტუაცია, ვიღაცას რაღაც აერია, მაგრამ ისე გამოვსულვარ მდგომარეობიდან, მაყურებელს ვერ შეუმჩნევია. მთავარია, თავად იყო მზად.
ახლა თქვენი ცხოვრების რა საფეხურზე ხართ?
სულ ვერიდები პოლიტიკაზე ლაპარაკს, რადგან ეს ჩემი სფერო არ არის. ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ მინდა, ქვეყანა იყოს ისე, როგორც ჩვენ ყველას გვინდა. ხალხი კარგად ცხოვრობდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. რეალურად ხალხს ძალიან უჭირს და მინდა, ეს მოგვარდეს. ამასთან ერთად, შოუბიზნესის პრობლემებიც მოგვარდება.
არჩევნებზე აპირებთ წასვლას?
კი, აუცილებლად.
იცით, ვის მისცემთ ხმას?
თუ რამე არ შეიცვალა, პრინციპში გადაწყვეტილი მაქვს, ვის მივცემ ხმას, თუმცა საიდუმლოდ დავტოვებ.
ფოტოგრაფი: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: „სტრადა“
ნინო მურღულია