„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ეს არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება, საბოლოოდ მათ უნდა მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვითონ თვლიდნენ სწორად“, – ამის შესახებ გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მერაბ კობიაშვილის უდანაშაულოდ ცნობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, ბრალდების მხარე თვენახევრის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის სიმართლე დაენახებინა.
„თვენახევრის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის მთელი სისხლის სამართლის საქმის მასალა და ის სიმართლე დაგვენახებინა, რომელიც იყო ამ საქმეში. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ეს არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება, საბოლოოდ მათ უნდა მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვითონ თვლიდნენ სწორად. გამოძიების დაწყებიდან მერაბ კობიაშვილი არ აღიარებდა მიხეილ უნდილაშვილის ცემას, რითაც დაიწყო ეს ყველაფერი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თქვა, რომ მერაბ კობიაშვილს ნაცემი ჰყავდა მიხეილ უნდილაშვილი“, – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
ცნობისთვის, გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო.
გორის რაიონულ სასამართლოში მსჯელობა გუშინ, 16 დეკემბერს დაიწყო.
პირველ ჯერზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტის გამოტანა ვერ შეძლეს, განმეორებით კენჭისყრაზე კი მათ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში მომხდარი შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს და ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, მოგვიანებით კი, ადვოკატის თქმით, ცემის მუხლიც.
გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: