მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კედლების მშენებლობისთვის არაფერს გადაიხდის, თუმცა პრეზიდენტს მომავალ კვირას აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი არ გაუუქმებია.
„მექსიკას კედლების არ სჯერა, ქვეყანა არანაირი კედლისთვის თანხას არ გადაიხდის,“ – განაცხადა პენია ნიეტომ ვიდეომიმართვაში, რომელიც „ტვიტერზე“ განათავსა.
პრეზიდენტის თქმით, ის დაელოდება საკუთარი მაღალჩინოსნების ანგარიშს, რომლებიც გუშინ აშშ-ში ჩაფრინდნენ ტრამპის ადმინისტრაციაში შეხვედრების გასამართად და კონკრეტულ ნაბიჯებს ამის შემდეგ გადადგამს. ამასთან, მეტად იზრუნებენ აშშ-ში მყოფ მექსიკის მოქალაქეებზე.
„მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ უფრო მეტად გააძლიერონ ჩვენი მოქალაქეების დაცვა,“ – აღნიშნა პენია ნიეტომ.
ვიდეომიმართვის ბოლოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მექსიკა მეტ პატივისცემას მოელის.