მადრიდის „რეალმა“ სანტიაგო სოლარის გაშვების და ზინედინ ზიდანის დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.
„რეალმა“ ახალ მთავარ მწვრთნელად ძველი მწვრთნელი მოაბრუნა.
ფრანგმა კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე მოაწერა.
ზიზუ „სამეფო კლუბში“ დაახლოებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა: მან „სანტიაგო ბერნაბეუ“ 2017/18 წლების სეზონის ბოლოს დატოვა.
მანამდე ზიდანი 2.5 წელი მოძღვრავდა „რეალს“ და ზედიზედ სამჯერ მოაგებინა გუნდს ჩემპიონთა ლიგა, ასევე მოიგო ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.
„მინდა ყველას ვაჩვენო, რა არის „რეალი“, – ზიდანმა დაბრუნებიდან პირველი სიტყვაც თქვა.
„ძალიან ბედნიერი ვარ დაბრუნებით. უბრალოდ მუშაობა მინდა, მინდა „რეალი“ თავის ადგილზე დავაბრუნო. თავის დროზე იმიტომ წავედი, რომ კლუბს სჭირდებოდა. დავბრუნდი იმიტომ, რომ პრეზიდენტმა დამირეკა, ხოლო 8 თვიანი უქმობის შემდეგ ისევ მომინდა გუნდის გაწვრთნა“, – აღნიშნა ზიდანმა.
„მინდა იცოდე: მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაბრუნდა. კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში“, – ეს უკვე კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის სიტყვებია.