“მელიას დაკავებაც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ჩვენი ხელისუფლება ქვეყანას მართავს რუსული მოდელით,” – ამის შესახებ განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა. მან კრისტიან დანიელსონის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
თუ მხარეები რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმდნენ, ხუხაშვილი “ნიკა მელიას მოუწოდებს გირაო გადაიხადოს”.
“მესმის მისი პოლიტიკური დემარშის მიზანი და არ ვაკრიტიკებ. თუ მისი ამოცანა იყო, რომ რაღაც შეცვლილიყო ქვეყანაში და რიგგარეშე არჩევნები მიღწეულ იქნა, გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს, შედეგი ხომ მიღწეული იქნება. ქუჩაში დარჩება ოპოზიცია თუ შევა, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია. შეუძლებელია ეს სახელისუფლებო დაჯგუფება იყოს დიდი ხნით სიცოცხლისუნარიანი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაც სუსტია და დიდი პრობლემები აქვს, ესენი ვერ მართავენ ქვეყანას. მარტივად შეიძლება „ნამახვანჰესსაც“ გადაყვნენ და ოპოზიცია არ იყოს საჭირო ისე დაემხოს ეს ხელისუფლება. მელიას დაკავებაც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ჩვენი ხელისუფლება ქვეყანას მართავს რუსული მოდელით“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისივე განცხადებით, “ხელისუფლებას აქვს მოქმედებების გარკვეული ტაქტიკა, მათთვის მთავარი პრობლემაა, რომ არ აჩვენონ სისუსტე და მუდმივად იყვნენ ძალისმიერი მოქმედებების რეჟიმში, რადგან მიაჩნიათ, რომ როგორც კი სისუსტეს გამოავლენენ ყველაფერი ჩამოეშლებათ“.
“შიში არის მთავარი მოტივატორი ხელისუფლების პოლიტიკური ტაქტიკის დაგეგმის დროს, სანამ შუამავლები აქ არიან უნდა ვიყოთ ტკბილები და მურაბები, როგორც კი თვითმფრინავში ჩასხდებიან და გაფრინდებიან, ჩვენ შევპირდეთ და ბიძინა „გადააგდებს“. შარლ მიშელი რომ ჩამოვიდა ღარიბაშვილი იჯდა ძალიან კონსტრუქციულად შეხვედრებზე, როგორც კი გაფრინდა, ისევ გამოვიდა და თვალების ბრიალი და ფეხების ბაკუნი დაიწყო. ახლაც ასე იყო დაგეგმილი, ჩათვალეს, რომ დანიელსონი გაისტუმრეს. პატარა “ფოლს სტარტი” მოუვიდა კობახიძეს ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერ უნდა გაფრენილიყო და მერე ეძახა რაც იძახა.
დანიელსონმა ბოლო დროს აღარ “ჭამა” ეს ყველაფერი, მიუხვდა ამ ვირეშმაკობას ხელისუფალს და თქვა, რომ ვრჩები სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებულიო. ამის შემდეგ ძალიან რთულია „ტრიუკების“ ტარება. მოლაპარაკებების ამ ეტაპზე იმის მტკიცებას ვინ მართალია და ვინ მტყუანი, აზრი არ აქვს, ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ. როდესაც ერთ-ერთი მხარე იწყებს მიზეზების აქტუალიზაციას, ამ მხარეს არ უნდა თემის გადაწყვეტა. კობახიძის გუშინდელი გამოსვლა იყო მოლაპარაკებების აფეთქების დაანონსება, ვილაპარაკოთ იმაზე რას ვაკეთებთ და არა იმაზე, რომ ვიღაცები არიან „კრიმინალები“. თუ მართლაც ასეა “კრიმინალებთან” ზიხარ და მოლაპარაკებებს აწარმოებ?” – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.