LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეჯვრისხევთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია

113
რუსების მიერ დაკავებული მოქალაქეები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება:

„უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი.

ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“. – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე 7 ივლისს დააკავეს.