LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრელიშვილი: ვაშაძე და ჯაფარიძე ძალიან უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია

112
Untitled design (5)

„ამ ჯგუფს სურვილი აქვს, ენმ-ის ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი დაიკავოს. არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ნიჭი არ ეყოფათ“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრის დროს განაცხადა.

„2023 წლის ბოლოს შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ვახტანგ მეგრელიშვილმა პარტიების ერთობლივი განცხადების შეფასების დროს, კითხვის საპასუხოდ ასევე აღნიშნა, რომ „ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე უნიჭოები არიან:

„ძალიან უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ. ვაშაძე და ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უნიჭოები არიან. ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეხმარა. მაგალითად, ამის დამტკიცება იაგოსთვის მიჭირდა, მაგრამ რაც ჯაფარიძე დამეხმარა, მე მგონი, დაიჯერა…

კითხვა მაწუხებს, რას ნიშნავს, საქართველოში პროდასავლურობა და პრორუსულობა, ეს ემოციით ფასდება და არა რწმენით. სინამდვილეში, მივესალმები იმას, რომ ეს კონკრეტული პარტიები რაღაცნაირად გაერთიანდნენ, რადგან ჩემი წარმოდგენით, ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, რამდენიმე პარტიას საკუთარი მდგომარეობის გადააზრება მოუწევს, მაგრამ ყველაფერი მაინც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ იქნება დამოკიდებული.

ვიდრე ამ პარტიის ბედი რეალურად არ გაირკვევა, მანამდე მსგავსი მოძრაობები არაფერს ნიშნავს, რადგან ყველა ცდილობს, წარმოადგინოს რეალობა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემდეგ და იმ რეალობაში წარმოადგინოს საკუთარი თავი.

სწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, რაღაც ფორმა შეიძინონ და საკუთარი სახე ჩამოაყალიბონ, რადგან დღეს არავინ იცის, არც ერთი პარტიის შესახებ, რას იზამდა, უცებ, მის ხელში ხელისუფლება რომ აღმოჩნდეს. სწორედ აქედან იწყება: ვინ არიან ეს პარტიები, რისი სჯერათ, რას მიიჩნევენ პროდასვლურობად და პრორუსულობად? ჩვენ შორის ერთმანეთში არსებული კონფლიქტი მართლა არ არის პროდასავლურობა და მთავარი ბარიერია ინტეგრაციის გზაზე“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პრაიმერის თაობაზე იდეა რომ გაჩნდა, ამას ვეთანხმებოდი, რადგან ეს მართლა იქნებოდა პარტიების შოუ, სადაც თითოეულ პარტიას საკუთარი პოზიცია საზოგადოებისთვის უნდა გაეცნო. ახლა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რას ვეუბნებით?

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ არიან მოღალატეები და ოკუპანტთან კოლაბორაციულ ურთიერთობაში არიან. ზუსტად ანალოგიური ბრალდებებია მეორე მხრიდან. შეუძლებელია, რომ ასეთი დაპირისპირებული მხარეები ოდესმე რაიმე კონკრეტულ თემაზე შეთანხმდნენ და თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ისინი თანამშრომლობენ.

აქედან გამომდინარე, ამ სამეულის რადიკალური განცხადებები ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს სურვილი აქვს, დაიკავოს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი. არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება“, – თქვა მეგრელიშვილმა.