უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებულმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ, სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.
როგორც ქარდავამ განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს და “ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში” სამართალს ვერ იპოვის:
“არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას იცავდა. ხოლო, ეს ყოველივე პოლიტიკურადაა მოტივირებული. ყველა მტკიცებულება გაყალბებულია, ჩვენებები მიღებულია შურისძიების, წამების და არაადამიანური მოპყრობის საფუძველზე და, აქედან გამომდინარე, ვინაიდან არანაირი ნდობა გამაჩნია იმის, რომ აქ ჭეშმარიტება და ობიექტური განაჩენი დადგება, პროტესტის ნიშნად დარბაზს ვტოვებს.
მჯერა, მალე დადგება დრო, რომ ის ადამიანები, ვინც ჩემი ძმის და მეგობრების პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობდნენ, წარდგებიან არა მურუსიძე – ჩინჩალაძის სასამართლოში, არამედ ქართველი ხალხის სამსჯავროზე. ვერ დაიმალებიან ვერც პარიზში, ვერც ნიუ-იორკში,” – თქვა ქარდავამ.
როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, მეგის ქარდავას ერთ-ერთი ბრალი წაყენებული აქვს ციხეში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით და დღევანდელი პროცესიც სწორედ ამ ეპიზოდს ეხება.
შეგახსენებთ, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს განხორციელდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ფოტო: IPN