გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული და-ძმის, მეგი და გიგი გუტაშვილების შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„საყოველთაო გლოვისა და მწუხარების თანაზიარია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
ამ დღეებში შოვში განვითარებული მოვლენების გამო, ათეულობით გარდაცვლილთა შორის და-ძმა გუტაშვილებიც არიან, მეგი და გიგი…რობაქიძელები…
მეგი, გრუნის კურსდამთავრებული, იურისტი წარჩინების დიპლომით, მოკრძალებული, ღიმილიანი და გამორჩეული ლიდერი თანატოლთა შორის…
ორიოდე კვირის წინ კვლავ შეხვედრის იმედით დაემშვიდობა უნივერსიტეტს, მშობლიურ რაჭაში მიიჩქაროდა, თურმე სამუდამოდ…
გიგი – მომავალი იურისტი, დის კვალს გაჰყვა და სექტემბერში პირველკურსელთა შორის ველოდებოდით…
გაუსაძლისია ტკივილი… გამოუთქმელია მწუხარება… დაუვიწყარია მოგონება…
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან მეგის და გიგის და თანაგრძნობას უცხადებენ მათ ოჯახს”, – ვკითხულობთ ტექსტში.