LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი ბაქრაძის საქმეში მონაწილე სამედიცინო პერსონალი იმ კლინიკაში აღარ მუშაობს, სადაც შემთხვევა მოხდა – რეგულირების სააგენტოს დირექტორი

145
მეგი ბაქრაზე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეში მონაწილე სამედიცინო პერსონალი იმ კლინიკაში აღარ მუშაობს, სადაც შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორამციას რეგულირების სააგენტოს  დირექტორი ზაალ კაპანაძე ავრცელებს.

კაპანაძის თქმით, აღნიშნული პერსონალის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ შესაბამისი რეკომენდაცია კლინიკას პროფესიულმა საბჭომ მისცა.

რაც შეეხება ბაქრაძის გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს, სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს ექსპერტიზა.

„სააგენტომ შეისწავლა ამ საკითხზე არსებული ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია. ექსპერტიზისთვის მასალები გადაგზავნილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.

რამდენადაც ვიცი, დღემდე მიმდინარეობს ამ მასალების შესწავლა, თუმცა პროფესიულმა საბჭომ იმსჯელა იმ ექიმების მორალურ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები და კლინიკას რეკომენდაცია მისცა, რომ მიეღო გადაწყვეტილება, მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ადამიანები იმ კლინიკაში აღარ მუშაობენ. სად აგრძელებენ საქმიანობას, ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ცნობისთვის, ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანი მეგი ბაქრაძე “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები