მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ითხოვენ, რომ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების მუხლებითაც დაიწყოს. ადვოკატ ვახო ბარამაშვილის განცხადებით, „მეგის გარდაცვალებიდან უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა და საქმეში ჯერ კიდევ არ არსებობს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რაც საზოგადოებაში უაზრო ჭორების არსებობის საშუალებას იძლევა“.
„მოვედით განყოფილებაში, რადგან საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები, ეს არის შპრიცები, რომლითაც მოხდა იმუნიზაცია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ვიოლეტა ინასარიძის მიმართ გამოძიება დაიწყოს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. თუ გამოძიება ამ ნაბიჯის გადასადგმელად ელოდება სამხარაულის დასკვნას, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულებაა და ან მისცემს ამის საშუალებას, ან – არა. ამ წუთას საქმიდან უკვე არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. გამოძიება ჯიუტად არ იწყებს მოქმედებას ამ მუხლით“, – განაცხადა ვახო ბარამაშვილმა.