მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათი თქმით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციას თბილისში ჩამოუსვლელად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე დისტანციურად შეძლებენ. რეგისტრაცია 16 მარტამდე გაგრძელდება.
მათივე ინფორმაციით, იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ღირებულების 30%-ში გადაეცემათ მათთვის სასურველი ხის ან პენოპოლისტიროლის სახეობის სკები არაუმეტეს 100 ცალი. კოოპერატივს ასევე შეუძლია მოითხოვოს 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური ან 2 200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები.
”მონაწილე კოოპერატივს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ მოწყვლადი ჯგუფები (დევნილები, შშმ პირები), ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ინვენტარის ღირებულების 20%-ში. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში შესამოწმებლად წარადგინოს მის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ”, – განმარტავენ სააგენტოში და აღნიშნავენ, რომ ხის რუტისა და დადანის სკაში 120 ლარის ნაცვლად ისინი 36 ლარს იხდიან, პენოპოლის ტიროლის სკაში კი 260 ლარის ნაცვლად 78 ლარს.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 21 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 1 694 სკა უკვე გადაეცა.