რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სამშვიდობო ინიციატივების შესახებ გაჟღერებულ იდეებს ეხმიანება და “ტელეგრამში” ვრცელ მიმართვას ავრცელებს.
მედვედევი უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის სრულ ავტონომიაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ “ეს არის პირდაპირი უხეშობა რუსეთის მიმართ, საფრთხე მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის და სრულფასოვანი ომის დაწყების საბაბი”:
“დასავლეთმა შექმნა “სამშვიდობო გეგმები”, რომლებიც უკრაინის კრიზისის დარეგულირებას უნდა მოჰყვეს. კარგი იქნება, თუ საუბარი იქნება ისეთი ვარიანტების მომზადებაზე, რომლებიც რეალობას გარკვეულწილად ითვალისწინებს. მაგრამ – არა, ეს მხოლოდ ევროპელების ცნობიერების ნაკადია.
ახლახან ამ მხრივ გამოირჩეოდა იტალია, რომელმაც, იტალიური პრესის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაეროს გენერალურ მდივანს გადასცა უკრაინის საკითხის მშვიდობიანი მოგვარების ოთხეტაპიანი გეგმა. როგორც ჩანს, ის მოამზადეს არა დიპლომატებმა, არამედ ადგილობრივმა პოლიტოლოგებმა, რომლებსაც ბევრი პროვინციული გაზეთი აქვთ წაკითხული და მხოლოდ უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული “ფეიკებით” მუშაობენ.
აქ არის რამდენიმე ასეთი იდეა და ერთ-ერთია ყირიმის სრული ავტონომია უკრაინის შემადგენლობაში.
ეს არის პირდაპირი უხეშობა რუსეთის მიმართ, საფრთხე მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის და სრულფასოვანი ომის დაწყების საბაბი.
რუსეთში არც არის და არც იქნება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყირიმის ბედის განხილვასაც კი დათანხმდება. ეს მხოლოდ ეროვნული ღალატი იქნებოდა.
შემდგომ ანალიზს აზრი არ აქვს. ეს ყველაფერი მხოლოდ მცდელობაა, დაეხმარონ კიევს, გადაარჩინოს მისი სახე მაინც. თუმცა, უკრაინას საერთოდ არ სურს მოლაპარაკება. მათ დიდი ხანია აირჩიეს – დაივიწყონ რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი. თითქოს საერთოდ არ არსებობდა”, – წერს მედვედევი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში