დეპუტატი სოფო კილაძე ბაზარზე მედიკამენტების ფასების რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევის ინიციატივით გამოდის. [related_news id=”222921″ align=”left”]
დეპუტატმა განაცხადა, რომ ფასები ძალიან მაღალია და ეს თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება.
ამ ინიციატივით კილაძე პარლამენტში გამოვიდა, სადაც მინისტრთა ახალ კაბინეტს უნდა დაუჭირონ მხარი, მანამდე კი ახალ შემადგენლობას კიდევ ერთხელ უსმენენ.
კილაძემ პრემიერის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას მიმართა კითხვით, რა იგეგმება წამლის ფასების შემცირების მიზნით.
” ვფიქრობ, ჯანდაცვის რეფორმა ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მიღწევაა, თუმცა სისტემას, რომელიც ახლა მუშაობს, შემდგომი დახვეწა სჭირდება. ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც თითქმის ყველა მოქალაქეს აწუხებს, არის მედიკამენტები. სიმართლე გითხრათ, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან მაღალი, რაც აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. მე მგონია, რომ ფასების რეგულირებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ჩვენ რას ვგეგმავთ იმისთვის, რომ წამლის ფასები შემცირდეს?,”- ჰკითხა სოფო კილაძემ გახარიას და მის გუნდს. [related_news id=”67718″ align=”left”]
„ქართული ოცნება“ მოსახლეობას მედიკამენტების გაიაფებას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაჰპირდა. მას შემდეგ, ყველა პრემიერი თუ ჯანდაცვის მინისტრი საჭირო დროს ამ თემაზე საუბარს იწყებს. განხორციელდა გარკვეული პროგრამები, თუმცა ზოგადად ფარმაციის ბაზარზე ფასები კვლავ მაღალია.