LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიააკადემია “მასტერკლასს” გიორგი ხაბურზანიას ლექციებით აგრძელებს: კომუნიკაციების კომისია

92
Untitled design

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია “მასტერკლასს” გიორგი ხაბურზანიას ონლაინ ლექციებით აგრძელებს.

გიორგი ხაბურზანია 22 წელია მედიამენეჯერი და პროდიუსერია. ის წლებია ყველაზე პოპულარული ქართული მეგა შოუების “ნიჭიერის”, “მასტერშეფის”, “საქართველოს ვარსკვლავის” მთავარი პროდიუსერია. ყველას, ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება მეგა შოუები და მაღალი ხარისხის სატელევიზიო პროდუქტი, მედიასკოლა აძლევს შესაძლებლობას, ეს ცოდნა უფასოდ, ონლაინ ლექციებით პროფესიონალი მედია მენეჯერისა და პროდიუსერის გიორგი ხაბურზანიას სალექციო კურსით მიიღოს.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, დღეიდან გიორგი ხაბურზანიას მასტერკლასი მედიააკადემიის იუთუბ არხზეა ხელმისაწვდომი.

“8 ონლაინ ლექცია მოგცემთ შესაძლებლობას, გაეცნოთ ქართული მეგა შოუების შექმნის ისტორიას და მიიღოთ ცოდნა ყველაზე გამოცდილი პროდიუსერისგან. გიორგი ხაბურზანიას სალექციო კურსი ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორიცაა ქართული შოუს ინდუსტრიის განვითარება, პროდუსინგი, მონტაჟი და პროდაქშენი.

გიორგი ხაბურზანია მასტერკლასით დაინტერესებულ მსმენელებს მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებს და აწვდის ინფორმაციას, იმის შესახებ თუ როგორ გაკეთდა პირველი მეგაშოუ საქართველოში, რა გზა გაიარა ქართული სატელევიზიო შოუს ინდუსტრიამ, როგორ კეთდება ყველაზე პოპულარული მეგაშოუ და რა უნარებია საჭირო ხარისხიანი პროექტებისა და გადაცემების მოსამზადებლად. მასტერკლასში დეტალურადაა ახსნილი ყველა ეტაპი – შოუს დაგეგმვიდან მის საბოლოო პროდუქტად შექმნამდე, მათ შორის გიორგი ხაბურზანია დეტალურად მოგიყვებათ ამ სფეროში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომისიის ცნობით, მედიააკადემია ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს უკვე ორი წელია სრულიად უფასოდ, ონლაინ მასტერკლასით აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება.

მასტერკლასის პირველი ციკლი ოთხი ავტორის, ჟურნალისტის ეკა ბერიძის, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილის, ჟურნალისტის თამთა სანიკიძის და ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილის 30 სალექციო კურსს მოიცავდა. მეორე კურსი კი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილის 6 ონლაინ ლექციით დაიწყო.

კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, რომ მასტერკლასის ონლაინ ლექციებს დაწყების დღიდან ჯამურად 900 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

“მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა ონლაინ ლექციებზე – ეს არის მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა, რომლის მოსმენა და ყურება ნებისმიერ დროსა და ადგილასაა შესაძლებელი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.