„როგორც ჩანს, „ვაგნერი“ ჩრდილოეთით, მოსკოვის მიმართულებით მოძრაობს“ – ამის შესახებ BBC- წერს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსეთის ერთ-ერთ მაგისტრალზე, რომელიც ვორონეჟს და მოსკოვს ლიპეცკის რეგიონის გავლით აკავშირებს, „ვაგნერის“ კოლონა გამოჩნდა.
როგორც მედიასაშუალება წერს, ლიპეცკის გუბერნატორმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, როგორც ჩანს, „ვაგნერის“ ჯარები რეგიონში მოძრაობენ.
პრიგოჟინის სამხედროების მოსკოვის ოლქში შესვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „რონდელის“ ფონდის მკვლევარი და აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილიც:
„ვაგნერელები მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე შევიდნენ“, – წერს ბატიაშვილი.
ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.
რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით კი ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მოგვიანებით, საზოგადოებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა, მან განვითარებული მოვლენები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და თქვა, რომ „სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებს“.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინს და მის მომხრეებს დანებებისკენ მოუწოდა, ვაგნერის მეთაურმა კი განაცხადა, რომ „ჩაბარებას არავინ აპირებს“.
ამავე თემაზე:
ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა