მიკრობიოლოგებმა მიაგნეს მეთოდს, რომლის გამოყენებითაც ბაქტერიები გარემოში იპოვიან და გადაამუშავებენ პლასტმასის შემცველ მიკრო-ნარჩენებს. ბუნებრივია, ეს გარემოს დასუფთავებას შეუწყობს ხელს.
ახალი ტექნიკა ჰონგ–კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა შეიმუშავეს. მათ მიერ შექმნილი სუბსტანცია, რომელიც ბაქტერიული ბიოფორმებისაგან შედგება, მიკრო-პლასტმასის ნაწილაკების მოძებნასა და გადამუშავებაზეა ორიენტირებული. მას შემდეგ, რაც სუბსტანცია პლასტმასის ნაწილებს მოაგროვებს, კონსისტენციას შეიცვლის და მათ დაშლის.
პლასტმასის მიკრო-ნაწილაკები, რომლებიც 5მმ-ზე მცირე ზომისაა , ბუნებაში პლასტმასის უფრო დიდი ნაწილების დაშლის, სინთეტიკური ტანსაცმლის რეცხვის, მანქანების ნაწილების დაშლის და ინდუსტრიული წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენების დეზინტეგრაციის შედეგად ხვდება. ისინი საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობასა და საკვების წარმოებას, რადგან არ მიეკუთვნებიან ადვილად ბიოდეგრადირებად ნივთიერებებს. ამის გამო მიკრო-პლასტმასის ნაწილაკები ეკოსისტემებში დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან და მათში ცვლილებების შეტანას იწვევენ.
„პლასტმასი ტოქსიკურ ნივთიერებებს იწოვს, მაგალითად პესტიციდებს, მძიმე მეტალებს და მაღალი კონცენტრაციის ქიმიკატებს. იმის წყალობით კი, რომ იგი გარემოში დიდხანს რჩება, შემდგომში იწვევს უკვე ამ ნივთიერებებით გარემოს და ეკოსისტემის სხვადასხვა წარმომადგენლების მოწამვლას. ამიტომაც პლასტმასისაგან გარემოს დასუფთავება ძალიან მნიშვნელოვანია.“ – ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, იანგ ლიუ.