ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევართა ჯგუფმა ვუჰანში, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი გაიარა და სასტუმრო დატოვა.
ახლა ექსპერტები სხვადასხვა ადგილს მოინახულებენ და კვლევას დაიწყებენ. კვლევის მიზანია, დადგინდეს როგორ გაჩნდა ვირუსი, რომელმაც მთელი მსოფლიოს პარალიზება შეძლო.
WHO-ს მკვლევრებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავიდა.
ვიზიტი გაცილებით ადრეც იგეგმებოდა, თუმცა თავდაპირველად ჯგუფს ქვეყანაში შესვლის ნებართვა არ მისცეს, მოგვიანებით კი პეკინში განუმარტეს, რომ ეს უბრალო გაუგებრობა იყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები პანდემიის წარმოშობის გამოსაკვლევად ვუჰანში ჩავიდნენ
მეცნიერები პიტერ ბენ ემბარეკის ხელმძღვანელობით, თვითიზოლაციაში ყოფნის დროს აქტიურად მუშაობდნენ, მართავდნენ ვიდეოკონფერენციებს და გეგმავდნენ კვლევის შემდეგ ეტაპებს. გუნდი ახლა მუშაობას უკვე ჩინელ კოლეგებთან ერთად გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, კარანტინის დატოვების შემდეგ, ჯგუფი მოინახულებს ზღვის პროდუქტების იმ ბაზრობას, საიდანაც, სავარაუდოდ, ვირუსმა გავრცელება დაიწყო. მეცნიერები გამოკითხავენ კვლევითი ლაბორატორიებისა და საავადმყოფოების ექიმებს და ასევე შეეცდებიან გასცენ პასუხი კითხვას, უკავშირდება თუ არა კოვიდ-19-ის გავრცელება ღამურას.
მოლოდინი დიდია. ჯგუფის წევრი, ჰოლანდიელი ვირუსოლოგი მარიონ კოპმანი ამბობს, რომ ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია მათ მუშაობასა და გამოკვლევის შედეგებზე.
“ჩვენ ვართ მეცნიერები, ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ვცდილობთ, რომ ამას მეცნიერული თვალსაზრისით შევხედოთ.” – ამბობს მკვლევარი.
მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია მოლოდინის მართვა, რადგან ამომწურავი პასუხების მიღების გარანტია უახლოეს მომავალში არ არსებობს.
“წარმოშობის სრულად დადგენა რთული ამოცანაა. ამას შეიძლება ორი, სამი ან ოთხი მცდელობა დასჭირდეს. აუცილებელია სხვადასხვა გარემოს კვლევა. ეპიდემიის წარმოშობის გამოკვლევას კი ზოგჯერ წლები სჭირდება”.- ამბობენ ჯანმო-ს გუნდის წევრები.