წითელი პლანეტა, რომელსაც ყველაზე დიდი შანსი აქვს, გახდეს კაცობრიობის მიერ ათვისებული პირველი ახალი სამყარო, არსებულ წყლის მარაგს კატასტროფული სისწრაფით კარგავს.
მეცნიერების თქმით, მარსის ზედაპირიდან წყალი იმაზე სწრაფად ქრება, ვიდრე ამას მოელოდნენ.
მზის სხივებთან კონტაქტისას მიმდინარე ქიმიური რეაქციები პლანეტაზე არსებულ წყლის მოლეკულებს ჟანგბადის და წყალბადის ატომებად შლის, რომელთა ზედაპირზე შეკავებაც მარსს სუსტი გრავიტაციის გამო არ შეუძლია. ამის გამო ჟანგბადის და წყალბადის ატომები ატმოსფეროს ზედა ფენებში ინაცვლებენ.
წითელი პლანეტის კვლევის პროცესში მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მარსის ზედაპირზე ოდესღაც თხევად მდგომარეობაში მყოფი წყლის უზარმაზარი ოდენობა იყო, თუმცა დღესდღეობით წყალი მხოლოდ პლანეტის პოლუსებზე განლაგებულ ყინულის ქუდებშია შემორჩენილი.
ახალი აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Science- ში დაიწერა. შესაბამისი მასალები ევროპული კოსმოსური სააგენტოს და რუსული Roscosmos-ის თანამშრომელმა მეცნიერებმა ერთობლივი მისიის, ExoMars – ის განხორციელების შედეგად მოიპოვეს.