დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფორტუნასთან“ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერის“ ვადაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ფაიზერი“ არ იცავს, რადგან ვადაგასულია.
გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა 31 მარტს გაუვა.
კითხვაზე, როდის შემოვა „ფაიზერის“ ახალი პარტია საქართველოში, გამყრელიძე პასუხობს, რომ ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არაა.
„მიმდინარეობს მოლაპარაკება“ – აცხადებს გამყრელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.
გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, „ბუსტერდოზით“ აიცრან.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 500 ათასი დოზა „ფაიზერია“.
შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე ფაიზერის ვადა 6 თვით იყო განსაზღვრული, შემდეგ კი კომპანიამ კვლევებზე დაყრდნობით მისი ვადა 6-დან 9 თვემდე გაზარდა.
„მეც ამ ვაქცინით ვარ აცრილი, ჩემი ოჯახის წევრებიც, თანამშრომლებიც, ამიტომ ნუ არის მოარული მოსაზრებები, რომ წამალი ვადაგასულია! როგორ შეიძლება სახელმწიფომ მოსახლეობას ვადაგასული წამალი და ვაქცინა შესთავაზოს?
არაფერი ვადაგასული არ არის, ის ვადიანია და კარგადაც მუშაობს. ამიტომ ყველას ვთხოვ, მივიდნენ და აიცრან, გაიკეთონ „ბუსტერი“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, თავად გამყრელიძემ სინოფარმით ორჯერ აცრის შემდეგ ბუსტერი ფაიზერის ვაქცინით გაიკეთა.