ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანზე ყვება, ვისგანაც მან მებაღეობა ისწავლა. ის ამბობს, რომ ჟუჟუნა ავალიშვილისგან ბევრი სამებაღეო ხერხი და ხრიკი იცის, რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავთ.
“ჟუჟუ 80 წლისაა მე 40 ის. მებაღეობა მან მასწავლა, თან ისე მასწავლა არაფერი დანანებია, გულიანად, გულმოდგინედ. ყველა ჩემს შეკითხვას მოთმინებით და დინჯად პასუხობდა და მაგალითიც მოყავდა უხვად. ბევრი ისეთი სამებაღეო ხერხი, ფანდი და ხრიკი გამანდო ვერცერთ წიგნში ვერ ამოიკითხავ და მხოლოდ გამოცდილ პროფესიონალს შეუძლია ფლობდეს.
მყნობა, თესვა, დაჯგუთვა და შეხვევა არ მისწავლია მისგან მხოლოდ, ჟუჟუ მისაბაძი ადამიანიცაა. შეუძლია შეყვარება და თავის გადადება. სამაგალითოდ ერთგული და უღალატოა.
ბევრი განსაკუთრებული ჯიშის მცენარეს ვუმადლი, მოიტანს, ადგილსაც თითონ შეურჩევს და დარგავს, როგორც თითონ იტყვის “უჩუმრისპირად”.
ბაღს გადახედავს და შენიშვნებს ჩუმად, სხვებისაგან დამალულად მეტყვის, ზოგჯერ დამტუქსავს კიდეც. ყველამ იცის, რომ ჟუჟუნა ავალიშვილი მდიდარი არაა, ყველაზე დიდი სიმდიდრე რასაც ფლობს ის ცოდნა და გამოცდილებაა რომელიც დაუგროვდა. ამ დაგროვილ სიმდიდრესაც ისე უხვად და დაუნანებლად არიგებს გაუკვირდება ადამიანს..
მისი ჩემთან სტუმრობა დღესასწაულია ჩემთვის და მგონი მისთვისაც.. დიდხანს მინდა იცოცხლო ჟუჟუ.. – წერს, ზურა შევარდნაძე.
#გარდენიასისტორიები
#ზაქარიაჭელიძე