”საქართველოს მებაღეთა ასოციაცია” მებაღეთა ფაქტიურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას მოითხოვს.
როგორც ”ფორტუნას” ასოციაციის თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძემ განუცხადა, აღნიშნული ნაკვეთები მებაღეებს ექსპლუატაციის მიზნით კომუნისტების დროს გადაეცათ. ამჟამად ისინი ამ ნაკვეთებს ამუშავებენ, მეურნეობებს ფლობენ, თუმცა, დოკუმენტაციის არარსებობის გამო, საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებენ.
”თავის დროზე ეს ნაკვეთები სახელმწიფომ გამოუყო მებაღეებს. ეს არის მწირი, ნაკლებად ნაყოფიერი მიწის ნაკვეთები, სადაც ამ ხალხმა თავისი ხარჯით კომუნიკაციები გააკეთა. ჰყავთ შინაური ცხოველი, ფუტკარი, მიწას ამუშავებენ, მაგრამ იურიდიულად გაფორმებული არ აქვთ. ეს მიწა ოფიციალურად, სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება და რა ქნან, მაგალითად იმ ადგილას რკინიგზამ რომ გაიაროს, საკუთარი შრომა ხომ დაეკარგებათ,” – განუცხადა ”ფორტუნას” კოხრეიძემ.
ასოციაციამ აღნიშნული საკითხი დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტზე საკანონმდებლო წინადადების სახით წარადგინა. თუმცა, კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ უნდა გაგრძელდეს, რაც იუსტიციის სამინისტრო ”საჯარო რეესტრის შესახებ” კანონში ცვლილებების პაკეტს წარადგენს.
საუბარია ჯამში 7 ათას 300 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. აქედან თითო მებაღეზე სტანდარტულად 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთია გამოყოფილი.