8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, 15 საათზე ქალთა მოძრაობა იუსტიციის სახლთან, ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად აქციას გამართავს.
ქალთა მოძრაობა ითხოვს სახელმწიფომ აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. ისინი იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს სთხოვენ გამოსცეს ბრძანება, რომელიც პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე დაარეგულირებს .
“ტრანსგენდერ ქალებს დღეს მწვავე პრობლემები აქვთ, მათ ხშირად ესხმიან თავს და აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უმეტესობა განდევნილია საკუთარი ოჯახიდან. მათ თითქმის არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა, ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას სამართლდამცავებისაგან, ექიმებისა და სხვა იმ პროფესიის ადამიანებისაგან, რომლებიც ვალდებულნი არიან, დაეხმარონ მათ. სახელმწიფომ უნდა აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. ამისათვის იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ვთხოვთ, გამოსცეს ბრძანება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე. უფრო მეტად კოორდინირებული და ანგარიშგებიანი მოქმედების უზრუნველსაყოფად მინისტრ თეა წულუკიანს ვთხოვთ, შეხვდეს ქალთა მოძრაობისა და ტრანსგენდერი თემის წარმომადგენლებს”- ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.