თბილისში, იუსტიციის სახლთან, ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად, ქალთა მოძრაობის აქცია დაიწყო. აქციაზე მისული რამდენიმე ათეული ადამიანი, ითხოვს სახელმწიფომ აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. ისინი იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს სთხოვენ გამოსცეს ბრძანება, რომელიც პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე დაარეგულირებს .
ტრანსგენდერის უფლებების დაცვის მოთხოვნის პარალელურად იუსტიციის სახლთან კონტრაქცია მიმდინარეობს. შეწყდეს სექსუალური უმცირესობის პროპაგანდა, ამ მოთხოვნით იუსტიციის სახლის წინ საზოგადოების ერთი ნაწილი შეიკრიბა. ისინი სახლმწიფოს მოუწოდებენ, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ამ ადამიანებმა საჯაროდ გამოსვლები ვერ შეძლონ . აქციის მონაწილეებმა კვერცხების სროლა სცადეს, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. ამ წუთებშიც ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.