LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, მაგრამ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას.. ქმნიან ნოყიერ ნიადაგს, რომ ისინი სისტემიდან გაყარონ“ – ლევან მურუსიძე

134
ლევან მურუსიძე

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ „კეთილსინდისიერი მოსამართლეა“.

როგორც მან ე.წ. „ვეტინგთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები გაყარონ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ე.წ. ვეტინგის განხორციელებას არ უკავშირდება.

„საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლეს პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით“ – პიტერ სტანო

„წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემა დაიქვემდებარონ.

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ზუსტად იმაზე რომ არის საუბარი, რომ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. ხომ შეიძლება ჩატარდეს „ვეტინგი“ და გავიაროთ ეს კეთილსინდისიერების ტესტი?! წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე გამოთქმული მოსაზრება და მიზანმიმართულად ამბობს, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე, შენ ის არ გაინტერესებს.

კეთილსინდისიერება არის უბრალოდ შირმა, კეთილსინდისიერების მოტივით ცდილობენ, რომ სასამართლო დაიქვემდებარონ.

მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველომ სწორი გზით უნდა იაროს, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჩემი აზრით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ვინაიდან, ალბანეთი, რომელშიც დაინგრა სასამართლო სისტემა „ვეტინგის“ საშუალებით, დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ“,-განაცხადა მურუსიძემ.

მან რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დაასახელა და აღნიშნა, რომ ე.წ. ვეტინგის ამოქმედების მიზანი რეალურად მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება არ არის.

„ვეტინგთან” დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, როდესაც რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში, საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე. „ვეტინგთან“ დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკაც გვაქვს ალბანეთში, უკრაინაში და ახლა მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება კეთილსინდისიერების მიხედვით, რასაც პრაქტიკა გვაჩვენებს. ფაქტობრივად, მოხდა სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ“, – განაცხადა მურუსიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები