LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე კი არა, თქვენ უნდა გინდოდეთ ჩემი გაპრეზიდენტება

99

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბევრი არაფერი დარჩა. კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს და საკუთარი გზავნილების გადაცემას აქტიურად განაგრძობენ. დღეს ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სტუმარია – მიხეილ სალუაშვილისთვის არჩევნები უცხო ხილი არ არის. ის უკვე იყრიდა კენჭს და ამჯერადაც თავისი როლი და ფუნქცია გააჩნია, თუ რისთვის სურს პრეზიდენტობა და რაში გამოიყენებს პირველი პირის სტატუსს.

თქვენ ყველა გიცნობთ, როგორც მიხეილ-გელა სალუაშვილს. თუ პრეზიდენტი გახდებით, როგორ უნდა მოგმართოთ, ბატონო მიხეილ თუ ბატონო გელა?

თუ საპრეზიდენტო კანდიდატიდან პრეზიდენტის რანგში გადავინაცვლებ, ოფიციალური სახელი მიხეილი იქნება, თუმცა თუ თქვენ მეწვევით, ჟურნალისტები, სიამოვნებით ვიურთიერთებ სახელით გელა.

ეს თქვენთვის პირველი არჩევნები არ არის. მაგ. 2013 წელს რომ მონაწილეობდით, რატომ ვერ გაიმარჯვეთ, გაყალბდა არჩევნები?

არჩევნებში მონაწილეობას თავისი მიზანი აქვს. თუ ადამიანი ამ მიზანს დაისახავს და მიაღწევს, გამარჯვებულად მიიჩნევს თავს. ჩვენი მონაწილეობა ისახავს ერთადერთ, უფრო სწორად ორ მიზანს. ჩვენი საარჩევნო პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება: სულიერი მისია და პოლიტიკური ნაწილი. ამ ორიდან საქართველოს სულიერი მისიის გაჟღერებაა მთავარი.

ამისთვის რად გინდათ პრეზიდენტობა, ისედაც ხომ მიაწვდით ინფორმაციას მოქალაქეებს…

ის ინსტიტუტი, რასაც ქვეყნის მეთაური ჰქვია, ამას სხვა წონას სძენს.

პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია ეს უნდა იყოს?

კარგი კითხვაა. ჩვენთვის მთავარია, არა ხმების რაოდენობა, არამედ რამდენთან მივა ეს გზავნილი. ამისთვის ვიყენებთ ამ ფორმას.

მთავარი არ არის, გახდებით თუ არა პრეზიდენტი?

მთავარია, მოსახლეობას ეს ინფორმაცია შევთავაზოთ. პარალელურად მათ პოლიტიკურ გზავნილებსაც ვთავაზობთ. ამ შემთხვევაში მე უკონკურენტო კანდიდატი გახლავართ.

წელსაც თუ ვერ გაიმარჯვებთ, მაინც ჩაერთვებით მომავალში ამ პროცესში, ანუ არ დანებდებით ?

ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ. ყოველ ეტაპზე, თქვენი მეშვეობითაც, თითო აგური იდება ამ გამარჯვებისთვის. აკორდი 28 ოქტომბერი იქნება. მე კი არა, თქვენ უნდა გინდოდეთ ჩემი პრეზიდენტობა.

რატომ უნდა გვინდოდეს?

იმიტომ რომ სულიერი მომზადების თვალსაზრისით შემზადება მხოლოდ ჩვენ გვაქვს.

სულიერი შემზადება სასულიერო პირებმა ხომ არ უნდა აიღონ საკუთარ თავზე და პრეზიდენტს სულ სხვა ფუნქციები უნდა ჰქონდეს?..

ეზოთერული კუთხით მეორედ მოსვლის დამოწმება საერო პირებისგან მოდის. მე ეკლესიის პრეროგატივაში კი არ ვიჭრები. რაც შეეხება პროგრამის მეორე ნაწილს, ჩვენი პოლიტიკური გზავნილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სახელმწიფო ბიუჯეტის სწორად განაწილება. დღეს არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან 16 კვალიფიციური სუბიექტია, რაც არჩევნებში მათთვის დამატებით ფულის გამოყოფას ითვალისწინებს. თითო პარტიისთვის 400 ათასი ლარის გამოყოფა ხდება. დღეს, როცა ეს კანდიდატები ფლანგავენ ბიუჯეტის ფულს, მეტი სტატუსი რომ ექნებათ, უფრო მეტად გაძარცვავენ ბიუჯეტს.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები