ბრიტანელმა მამაკაცმა გადაწყვიტა, დახმარებოდა ყველა ქალს ვისაც დედობა სურდა და ამჟამად 160 შვილის მამაა. 51 წლის „მარტოხელა ჯოს“ ისტორია The Sun-მა გაავრცელა.
მარტოხელა ჯო მხოლოდ ფსევდონიმია და მამაკაცს თავისი ნამდვილი ვინაობის გამხელა არ სურს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ის ეხმარება ყველას ვინც დედობაზე ოცნებობს და სხვადასხვა მიზეზების გამო ეს არ გამოსდის. ზოგს პარტნიორში არ უმართლებს, ზოგსაც კი პარტნიორი საერთოდ არ ჰყავს. სასურველი შედეგის მისაღებად ჯო სპერმის დონორიც ხდება და დამკვეთის სურვილის შემთხვევაში არც ტრადიციულ მეთოდზე ამბობს უარს.
ათობით კლიენტი ჯოს ინტერნეტით პოულობს და პირობებზე უთანხმდება. მაშინაც კი თუკი ქალის სურვილი ბავშვის ჩასახვის ბუნებრივი გზაა, ჯო ყველა დეტალს განიხილავს რათა საქმიანი თანამშრომლობის საზღვრებს არ გასცდეს.
ზოგიერთ ქალს ანონიმურობის დაცვა სურს და ჯო მათ პირადად არ ხვდება, მასალას კურიერის მეშვეობით უგზავნის. მამაკაცის ინფორმაციით, ის ამერიკელი, ბრიტანელი, არგენტინელი, სინგაპურელი და ფილიპინელი ბავშვების მშობელია. მან ისიც დაამატა, რომ პანდემიის დროს მის სერვისზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რადგან ოფიციალურ სპერმის ბანკებს ბიომატერიალის დეფიციტი შეექმნათ.
ჯოს 160 შვილი ჰყავს და მათგან 60 პირადად ჰყავს ნანახი. დანარჩენებთან კი დისტანციურ კონტაქტს ინარჩუნებს.