LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ამ რადიოში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი როგორც ადამიანი: მიშა მდინარაძე

127
6543

უკვე მეთერთმეტე წელია, 13 თებერვალი რადიო სივრცისთვის განსაკუთრებულ თარიღად იქცა – დღეს რადიოს მსოფლიო დღეა.

რადიოს საერთაშორისო დღე 2011 წელს, იუნესკოს ინიციატივით დაარსდა, მისი მთავარი მიზანი კი რადიოს განვითარება და უფრო მეტად პოპულარიზაციაა.

იუნესკოს ცნობით, სხვადასხვა საერთაშორისო მოხსენება ადასტურებს, რომ რადიო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება. სწორედ “რადიოს და ნდობას” ეხება რადიოს მსოფლიო დღის 2022 წლის თემაც.

წელს იუნესკო, მსოფლიოს ყველა რადიოსადგურს ონლაინ ფორმატის ღონისძიებაში იწვევს, რათა რადიო სივრცისთვის სიმბოლური თარიღი ყველამ ერთად აღნიშნოს. ღონისძიების მიზანია, რადიოსადგურის დამფუძნებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ.

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას”, რომელიც ქართულ რადიო სივრცეში ყოველთვის ლიდერ პოზიციაზე იმყოფება, რადიოს მსოფლიო დღეს მუსიკოსი მიშა მდინარაძე ულოცავს:

„2000-იანი წლების შემდეგ, რაც რადიოში მუშაობა დავიწყე ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ სხვა მედია საშუალებები პრაქტიკულად არ არსებობდა და ხალხი რადიოთი ცხოვრობდა. ეს ისტორიულად მნიშვნელოვანი ამბავია. რადიო ის მედიაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას და ყოველთვის მნიშვნელოვანია, ის სივრცეა, რომელიც მუდმივად არსებობს.

რადიო ყოველთვის რჩება და ინარჩუნებს მნიშვნელობას ადამიანების ცხოვრებაში, განსაკუთრებით ჩემი მშობლიური ტალღა და რადიო ყოველთვის იყო და იქნება ფორტუნა. მე ამ რადიოში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი როგორც ადამიანი, ჩამომიყალიბდა მსოფლმხედველობა. ამ სტუდიაში გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი, ჩემი კოლეგები, სტუმრები, რომლებსაც ღამის ეთერებში ვმასპინძლობდით ხოლმე. ეს ისტორიაა რომელიც ყოველთვის ჩემთან ერთად არის და ყოველთვის ჩემთან ერთად იქნება, სულ სხვა შეგრძნებები და განცდებია. ყველას მინდა მივულოცო ეს დღე და დიდი სიყვარულით მოვიკითხო“,-ამბობს მიშა მდინარაძე.

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” წარმატების ისტორია თითქმის 25 წლის წინ დაიწყო.

რადიო “ფორტუნა” ეთერში პირველად 24 წლის წინ, 1997 წლის 31 დეკემბერს გავიდა.
დღეს კი რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.

უკვე 24 წელია, ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და იკავებს ლიდერ პოზიციებს, ყველგან, სადაც საქართველოა.

“ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” ჯამურად, რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები