მას შემდეგ, რაც მეთვრამეტე დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განაცხადეს, რომ დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, სრულფასოვნად არ შეესაბამება კონსილიუმის დასკვნასა და რეკომენდაციებს.
განცხადებაში ასევე წერია, რომ არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტისთვის.
“საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა.
2021 წლის 24 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, თუ რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული. დასკვნაში საუბარია კონკრეტულ სამედიცინო ინტერვენციებზე და ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, სადაც აღნიშნული დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი.
N18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები. თუმცა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ N18 დაწესებულებაში შეუძლებელია. მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.
მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში თუ, მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ვერ შესრულდება ადგილზე და საჭირო იქნება, პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებისა და დამძიმების სრულფასოვანი წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვითარების კრიტიკულად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს.
აღსანიშნავია, რომ N18 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასა და რიგი სამედიცინო სერვისების არარსებობაზე სახალხო დამცველის დეტალური მსჯელობა წარმოდგენილია პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში.
გარდა სამედიცინო სერვისისა, სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა ის პალატა, რომელშიც, N18 დაწესებულებაში ეტაპირების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის განთავსება იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი აქვთ სხვა პატიმრებთან (ყოფილი პოლიციელები, სამხედროები, თანამდებობის პირები). შესაბამისად, მათი ნებისმიერი სახით გადაკვეთა სხვა პატიმრებთან წარმოშობს უსაფრთხოების რისკებს, რომლებიც პენიტენციურმა დაწესებულებამ თავიდან უნდა აიცილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება პატიმრის უფლებების დარღვევა.
2021 წლის 24 ოქტომბრის მონიტორინგისას შემოწმდა ყველა ის ადგილმდებარეობა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეიძლება მოუხდეს ყოფნა/გადაადგილება (დაწესებულებაში განთავსებისას, საცხოვრებელ პალატაში ყოფნისას, ადვოკატებთან თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრისას, სეირნობის უფლებით სარგებლობისას, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო/ჰიგიენური პროცედურებისას) და დადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია გამოხატავს მზადყოფნას დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებობს რისკები. ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, ვინაიდან ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის ადვოკატებს, მოუწევთ გაიარონ N8 დაწესებულების ეზო, სხვა პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა, თუ შეურაცხყოფის მიყენების რისკები. 2015 წელს დაფიქსირდა მსგავსი ინციდენტი N8 დაწესებულებაში.
ვინაიდან N18 დაწესებულებაში მოსახვედრად აუცილებელია N8 დაწესებულების ეზოს გავლა, ხოლო თავად N18 დაწესებულება მდებარეობს N8 დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსების გვერდით, მიგვაჩნია, რომ არსებობს ამ ორი დაწესებულების დეზორგანიზებისა და პატიმართა უსაფრთხოების რისკები. ეს საფრთხეები ხელს შეუშლის ამ დაწესებულებების პატიმართა და თანამშრომელთა სიმშვიდეს, დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებასა და წესრიგს, რაც ყველა პატიმრის მდგომარეობაზე აისახება.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.