თბილისის მერი აცხადებს, რომ ერთადერთი კლინიკა, რომელსაც შიმშილობის შემდეგ პატიმრების მკურნალობის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, სწორედ გლდანის დაწესებულებაა.
კახა კალაძის თქმით, თუ ამ კლინიკაში რამეა დასამატებელი, ექიმებმა უნდა თქვან და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს:
“ჩვენ ვნახეთ, ტექნოლოგიებით და ექიმებით როგორ არის აღჭურვილი არსებული საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.
ვერ მოვისმინეთ ის, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოსტშიმშილობის პერიოდი უპრობლემოდ გაიაროს პატიმარმა. ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს.
შეგიძლიათ მოიკვლიოთ რამდენ პატიმარს უმკურნალეს და გაართვეს თავი. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო, ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.” – განაცხადა კალაძემ.