“ადამიანები ვართ ყველა. რაც მოხდა 20 ივნისსაც, როცა ხედავ, რომ შენს თვალწინ შენს მეგობარს 20 კაცი ურტყამს, სცემს, ჩაფხუტს აგლეჯს, რა თქმა უნდა, ღიზიანდები, იქ უკვე შენ მინისტრიც აღარ გაინტერესებს”, – შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ძალიან მძიმეა მისთვისაც, როდესაც უყურებს ტელევიზორში, როგორ მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს.
ვახტანგ გომელაურმა ამის შესახებ პარლამენტში, “მინისტრი საათის” ფარგლებში გამოსვლის დროს ისაუბრა.
მისი თქმით, თავადაც ყოფილა რიგითი სპეცრაზმელის როლში და “ძნელია ნერვების მოთოკვა”:
“ძალიან მძიმეა ჩემთვისაც, როდესაც ვუყურებ ტელევიზორში მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს. რაც მოხდა ცესკო-ს შენობასთან, ღიად არ მითქვამს, მაგრამ უნდა ვთქვა, ნამდვილად გაუსაძლისი პირობები იყო. ისეთ შეურაცხყოფას აყენებდნენ პირდაპირ. უნდოდათ, რომ ამტყდარიყო ჩხუბიც, ცემა-ტყეპაც, ხელკეტების ცემა. ჩემი ორი მოადგილე იყო ადგილზე და ვუთხარი, რომ ბიჭებს ჩაეთვალათ, რომ მე მაგინებდნენ აქტივისტები და ვუთხარი, ვთხოვე, რომ არ განძრეულიყვნენ ბიჭები და სწრაფად ვცვლიდით წინა რიგებს, იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ნერვები ეშლება. ადამიანები ვართ ყველა.
რაც მოხდა 20 ივნისსაც, როცა ხედავ, რომ შენს თვალწინ შენს მეგობარს 20 კაცი ურტყამს, სცემს, ჩაფხუტს აგლეჯს, რა თქმა უნდა, ღიზიანდები, იქ უკვე შენ მინისტრიც აღარ გაინტერესებს, არც მისი მოადგილე, არც შენი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვყოფილვარ მეც რიგითი სპეცრაზმელის როლში და იქ რომ შედიხარ, შენ წყვეტ. ძალიან ძნელია ნერვების მოთოკვა, ამიტომ წინა რიგებს ვცვლიდით ნამდვილად, ახლა ვამბობ პირველად ღიად, რომ ეს ადამიანები არ გაღიზიანებულიყვნენ, ხელი არ დაერტყათ და არ წასულიყო დაპირისპირება მაქსიმალურად.” – თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმინეს.
ამავე თემაზე:
შეიძლება გვეღიმება, მაგრამ ქმარიც არის ხოლმე ნაცემი: გომელაური ოჯახში ძალადობაზე
შსს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს: ვახტანგ გომელაური
“როგორ არის ბადრი, ხომ არაფერი შემოუთვლია?” – ალეკო ელისაშვილი გომელაურს