LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე პაციენტებისთვის უარის თქმა გვიწევს, თავისუფალი ადგილების რესურსი ფაქტობრივად, ამოწურულია, საგანგაშო მდგომარეობაა – ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი

124
BeFunky-collage (3)

მდგომარეობა საგანგაშოა, ქვეყანაში არსებული ციფრები ჩვენი ქვეყნისთვის პირდაპირ ვიტყვი, რომ დამღუპველია, – ასე აფასებს ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი, მეგი კობახიძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას. მისივე სიტყვებით, „იზრდება ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევები, კლინიკაში მიმართვიანობა, შესაბამისად, თავისუფალი ადგილების რესურსი ფაქტობრივად, ამოწურულია“.

„ჩვენი კლინიკის მაგალითზე მინდა ვთქვა, თუ ვინმე არ გადავიდა სხვა დეპარტამენტში, დამძიმდა ან ვინმე თუ არ გაიწერა, ფაქტობრივად, თავისუფალი ადგილი არ არის. ამ ფონზე მოგვიწია უარი გვეთქვა ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებოდათ დახმარება.

ძალიან ცუდია, როდესაც პაციენტი, მისი ახლობელი ან სასწრაფო რეკავს, გვეუბნება პაციენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ და მიუხედავად კრიტიკული მდგომარეობისა,ესეთ პაციენტებს ვეუბნებით უარს, რადგან ფიზიკურად არ არის თავისუფალი საწოლი.
უარის თქმა დღის განმავლობაში, დიდი რაოდენობით გვიწევს.

შესაბამისად, როდესაც ჩვენთან არის ამდენი ზარი, ავტომატურად სხვა სტაციონარებშიც ანალოგიური სიტუაციაა და თითოეული პაციენტისთვის გაძნელებულია თავისუფალი ადგილის გამოძებნა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს პაციენტები საკმაოდ მძიმე კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდებიან უკვე როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება სტაციონარში. ეს არის ის კატეგორია, რომელთაც სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება, ინტენსიური მკურნალობის დაწყება და საათებმა, ერთმა დღემაც კი ცუდი და შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს“,- განაცხადა მეგი კობახიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“

წამყავნის კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ასაკობრივი ზღვარი, ინფექციონისტი ასე პასუხობს:

„თუ კოვიდის გავრცელების საწყის ეტაპზე ვამბობდით, რომ ხანდაზმულები იყვნენ უფრო საყურადღებო კლინიკური მიმდინარეობით, ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ გაახალგაზრდავდა პაციენტების ჯგუფი, რომლებიც მძიმე კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდებიან, ეს საგანგაშოა.

ბევრია შემთხვევა, როდესაც შემოდის პაციენტი, არ აქვს არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, მაგრამ უფრო მძიმე, აგრესიული კლინიკური მიმდინარეობით გამოირჩევა, ვიდრე ის პაციენტი, ვინც არის ხანდაზმული და თანმხლები ქრონიკული დაავადებით დატვირთული“,- აღნიშნა მეგი კობახიძემ.

კითხვაზე, რას უკავშირდება მის მიერვე გაჟღერებული ფაქტი, რომ ხანდაზმულმა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანმა შედარებით მსუბუქად შეიძლება გადაიტანოს კოვიდ ინფექცია, ვიდრე შედარებით ახალგაზრდამ, მეგი კობახიძე პასუხობს, რომ მისი მოსაზრებით, აღნიშნული დაკავშირებულია იმასთან, რომ ინფექციები დროთა განმავლობაში ხასიათსა და თვისებებს იცვლიან.

„მე არ ვამბობ იმას, რომ ვინც ხანდაზმულია და ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, იქ არ არის საშიშროება, რა თქმა უნდა, რისკები რჩება, მაგრამ შედარებისთვის, თავიდან, როდესაც იყო პირველადი შტამები, იქ ახალგაზრდა ადამიანებში აგრესიით არ გამოირჩეოდა.

ჩემი მოსაზრებით, რადგან ინფექციებს ახასიათებთ მუტაციის უნარი, რაც ნიშნავს, რომ ისინი ხასიათს და თვისებებს იცვლიან, შესაბამისად, „დელტა შტამი”, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, შედარებით უფრო აგრესიული თვისებებით გამოირჩევა და სავარაუდოდ, მასთან არის ასეთი მიმდინარეობა დაკავშირებული“,- თქვა მეგი კობახიძემ.

ინფექციონისტმა რეინფიცირების შემთხვევებზეც ისაუბრა.

„ჩემი ინფორმაციით, ვისთანაც მაქვს შეხება, პაციენტებთან, რომლებიც ხელმეორედ დაინფიცირდნენ კოვიდ 19-ით, უმრავლეს შემთხვევაში კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე ვთქვათ, პირველ ჯერზე, დაინფიცირების პერიოდში“,- განაცხადა მეგი კობახიძემ „ფორტუნას“ ეთერში.