2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის. სამართალდარღვევის შემთხვევაში, მძღოლის მართვის მოწმობას დარღვევის სირთულიდან გამომდინარე გამოაკლდება შესაბამისი რაოდენობის ქულები. საგზაო მოძრაობის წესების ხშირად დარღვევის შემთხვევაში მძღოლის მართვის მოწმობა დავა 0 ქულამდე, რაც ჩაითვლება მართვის უფლების ჩამორთმევად და მძღოლს მოუწევს გამოცდის თავიდან ჩაბარება, როგორც თეორიული, ასევე – პრაქტიკული ნაწილის. შსს-ში აღნიშნავენ, რომ ეს გავრცელდება არა ვიდეოჯარიმებზე, არამედ – პატრულის პირდაპირი დაჯარიმების შემთხვევებზე.
ამასთან, საგზაო მოძრაობას პოლიცია ამოსაცნობი ნიშნების გარეშეც გააკონტროლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლმა პატრული, შესაძლებელია საერთოდ ვერ შენიშნოს. შსს-ში განმარტავენ, რომ დარღვევები რეალურ დროში მოქალაქესთან კონტაქტის გარეშე დაფიქსირდება.
რაც შეეხება მარჯვენასაჭიან მანქანებს, მათი დარეგისტრირება 2016 წლის მარტიდან აიკრძალება. შსს-ს ინფორმაციით, აიკრძალება საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც, რადგან ავტომობილების ამ კატეგორიას დიდი შანსი აქვს, ტექდათვალიერება ვერ გაიაროს.