“რომელი დეპუტატები იყვნენ ჩუმად და არ იყენებდნენ საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას, რამდენი დახარჯეს მივლინებებში, რომელი კომიტეტი იყო ყველაზე აქტიური/პასიური და რამდენი კანონი მიიღეს”, – ამ და სხვა მიგნებებზე საუბარია მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშში, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
ორგანიზაცია გამოქვეყნებულ ანგარიშში რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:
? კრიზისულ ვითარებაში თავის საქმიანობის პირველ წელს პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი;
? ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში;
? პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.
“მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი დაძაბული აღმოჩნდა პოსტსაარჩევნო პოლიტიკურის კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უარყოფითად აისახა პარლამენტის საქმიანობაზე.
ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი; ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას,” – აცხადებენ ორგანიაციაში და ძირითად მიგნებებზე საუბრობენ:
პარლამენტის წევრთა აქტიურობა:
◾ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა;
◾ სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია: სამველ მანუკიანი, ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე; ხოლო 11 ოპოზიციის: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, , რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);
◾ საანგარიშო პერიოდში არც სიტყვით გამოსვლის და არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 12 წევრს, აქედან 1 უმრავლესობის წევრია: სუმბატ კიურეღიანი, ხოლო 11 ოპოზიციონერია: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);
◾ საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე დაიხარჯა 766 860 ლარი;
◾ პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა 1 105 617 ლარი”, – აღნიშნულია ანგარიშში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ძირითად გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა:
პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება და პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა;
საკანონმდებლო პროცესი;
საპარლამენტო კონტროლი;
პარლამენტის ანგარიშვალდებულება და ღიაობა.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორგანიზაციაში მიჩნევენ, რომ:
უმნიშვნელოვანესია 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების, კერძოდ, ოპოზიციის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო მონაწილეობა და ოპოზიციის წევრების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს;
ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, პოლიტიზირებული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, სავალდებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაცია და რეგლამენტში უნდა გაიწეროს მათთან კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღების წესი.
მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს და არ ხდებოდეს კანონპროექტების განხილვის ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება;
განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტთა ჩართულობა”, – აღნიშნულია ანგარიშში.