საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” მდინარე თერგის კალაპოტში დამცავი ჯებირი ააშენა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, დასრულებული სამუშაო მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს.
მათივე ინფორმაციით, თერგის კალაპოტის გამაგრება დარიალის ხეობაში შარშან მეორედ ჩამოწოლილი მეწყერის შედეგების ლიკვიდაციისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების პრევენციის ფარგლებში განხორციელდა.
გზა გაიწმინდა ჩამოწოლილი მასებისგან, დამონტაჟდა წყალგამტარი მილი, გამაგრდა 150 მეტრი სიგრძის მიწის ვაკისი, მოეწყო 700 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი; ხეობაში მდებარე ჰესის დასაცავად, 90 მეტრის მანძილზე შეიცვლა მდინარის კალაპოტი.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მიმდებარე გზა და დარიალის მამათა მონასტერი დაცული იქნება თერგის ადიდებისგან. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული.