„ეს არის გმირობის და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. დამოუკიდებლობა, თავისუფლება ეს არის მთავარი ღირებულება, რისთვისაც ქართველები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. “, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 9 აპრილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, 9 აპრილი არის იმის მაგალითი, რომ ქართული საზოგადოება თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს.
„ეს არის დღე, რომელიც ერთდროულად ასოცირდება ერთი მხრივ, დიდ ტკივილთან, რომელიც იმ ადამიანების დაღუპვას თან სდევდა, რომლებიც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და მეორე მხრივ, 2 წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სიმბოლიზმმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ თარიღს, დიდი სიხარული შესძინა.
ამავდროულად, ეს არის გმირობის და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. დამოუკიდებლობა, თავისუფლება ეს არის მთავარი ღირებულება, რისთვისაც ქართველები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას.
ნებისმიერი რამის ფასად ის შეძლებს უზრუნველყოს, რომ იყოს თავისუფალიც, დამოუკიდებელიც და დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს“, – განაცხადა მდინარაძემ.