LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე და საშუალო ბიზნესი ჩერდება, ათეულობით ადამიანი უმუშევარი რჩება – სად არის გამოსავალი

387
Portrait of a young man standing in front of his coffee shop. Young man with beard wearing an apron  standing with her arms crossed and looking away.

ახალი კორონავირუსი, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო, შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი, შეარყია გლობალური ეკონომიკა, ყველაზე მეტად ჩვენნაირ მცირე ქვეყნებზე მოქმედებს – სახელმწიფოებზე, სადაც ეკონომიკა ისედაც სუსტია, სადაც სამუშაო ადგილების პრობლებაა, სადაც ეროვნული ვალუტა ყველა მცირე ცვლილებაზეც კი რეაგირებს და უფასურდება. საქართველოში, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ათასობით შემთხვევაა, მხოლოდ 38 პირია დაინფიცირებული. გვყავს ერთი გამოჯანმრთელებულიც. მოქალაქეები, ოპოზიციაც კი მთავრობის მხრიდან მკაცრ შეზღუდვებს იწონებენ და მიიჩნევენ, რომ ასეთი ნაბიჯები კორონავირუსის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაგვიცავს. რა ხდება ამასობაში მცირე და საშუალო ბიზნესში, სადაც მთავრობის შეზღუდვებამდე მომხმარებლების რაოდენობა ისედაც შემცირდა, რადგან თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, თავშეყრის ადგილებში აღარ ვიაროთ. ზუსტად ამ დროს, რამდენიმე დიდმა საწარმომ პროდუქციის წარმოება შეაჩერა, კაფე-რესტორნების ნაწილმა ღიად გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამშრომლების ხელფასები შეამცირა, ნაწილმა კი უხელფასო შვებულებაში გაუშვა. რა ეშველება ბიზნესს და რა ეშველება უმუშევრად დარჩენილ ხალხს? ჩვენ კონკრეტული ბიზნესების მაგალითებს მოგიყვებით, მთავრობის გეგმებსაც გაგაცნობთ და იმ ეკონომისტების მოსაზრებებსაც გეტყვით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ სიტუაციაშიც კი არსებობს გამოსავალი.

როგორ დაანგრევს პანდემია საქართველოს ეკონომიკას: 5 რეკომენდაცია მთავრობას

"საქართველოს ტურიზმის სექტორი გაიყინება და ეს მინიმუმ ვაქცინის შექმნამდე გაგრძელდება"

ჩვენ ეკონომისტ გიგა ბედინეიშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ბიზნესი მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი და სოლიდარულია.

„არასამართლიანია, რომ ბიზნესზე გადავიტანოთ აქცენტები და მას დავაბრალოთ ყველაფერი. ჩემი ინფორმაციით, ისინი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველა ამ შემთხვევას. ფასები ნაწილობრივ იმის გამო იზრდება, რომ ლარი უფასურდება. ბევრი პროდუქტი იმპორტირებულია, თუნდაც აქ ნაწარმოები რაც არის, ნედლეული მაინც შემოტანილია.

რაც შეეხება თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირებას ან სამსახურიდან დროებით გათავისუფლებას – სერიოზული შოკი აქვს ბევრ კომპანიას მოთხოვნის თვალსაზრისით, რაღაც უნდა იღონონ, რომ არ გაკოტრდნენ, ამიტომ მიმართავენ ასეთ ზომებს.

ახლა, რა შეიძლება, რომ სახელწიფომ გააკეთოს – ორი გზა აქვს – ეს არის მონეტარული ან ფისკალური. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, მონეტარული ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს ან დოლარი გაყიდოს, თუმცა ვნახეთ 20 მილიონი გაყიდა და ლარზე მაინც არ იმოქმედა.

რაც შეეხება ფისკალურს – მთელმა მსოფლიომ აჩვენა, რომ ეს გაცილებით ეფექტიანია. აქ იგულისხმება გადასახადების შემცირება, თუმცა ჩნდება შეკითხვა: გვაქვს თუ არა ამის რესურსი ანუ ჩვენი ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა თუ არა. ის წლების განმავლობაში სწორად არ იმართებოდა. უაზრო სუბსიდირებული სახელმწიფო პროგრამები იყო, ეს არ უნდა გაგვეკეთებინა და შავი დღისთვის უკეთესად მოვემზადებოდით“, – აცხადებს ბედინეიშვილი.

რადიო „ფორტუნას“ შეკითხვაზე, ჰგავს თუ არა ეს 2008 წლის მსოფლიო ფინანსურ კრიზისს და როგორ მოახერხა მაშინ, საქართველომ მდგომარეობიდან გამოსვლა, ეკონომისტმა გვიპასუხა:

„2008 წლის კრიზისს ნამდვილად ჰგავს მასშტაბით და სიმძლავრით, ახლა ცოტა უფრო მეტადაც კი დაეცა ინდექსები, ვიდრე მაშინ. განსხვავება ისაა, რომ 2008 წელს წმინდა ფინანსური კრიზისი იყო, დღეს გვაქვს ეკონომიკური კრიზისია, იმიტომ რომ ეკონომიკა გაჩერდა, ხალხმა შეწყვიტა ეკონომიკური აქტივობა, აღარ მოგზაურობს, რესტორანში არ დადის.

მთავარია, ხელისუფლება იყოს სწორი და აქტიური. ასეთი სიტუაციებისთვის არსებობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, IBRD… სავალუტო ფონდმა უკვე თქვა, რომ ტრილიონ დოლარამდე შეუძლია რესურსის მობილიზება ჩვენნაირი ეკონომიკების დასახმარებლად. მთავარია, სწრაფი და პროფესიონალური მოქმედება. 2008 წელს, უმოკლედ დროში 4 მილიარდიანი ფინანსური რესურსი მოიზიდა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მაშინ გაცილებით ეფექტიანი მთავრობა იყო. იმ პერიოდის პრემიერი ლადო გურგენიძე აქტიურ ნაბიჯებს დგამდა და ამიტომ მოვახერხეთ მაშინ კრიზისიდან გამოსვლა“, – აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

მთავრობა კი ჯერჯერობით მხოლოდ ტურიზმის სფეროსა და სასტუმროების დახმარების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, თუნდაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებაზე. ჟურნალისტებმა კომუნალური გადასახადების შემცირებაზეც დაუსვეს მთავრობის წევრებს შეკითხვები, თუმცა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

სამაგიეროდ შეღავათები მცირე ბიზნესისა და მოსახლეობისთვის უკვე ამოქმედდა საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც მოქალაქეები მარტის თვის კომუნალურ გადასახადებს არ გადაიხდიან. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აშშ-ც. 

სანამ ხელისუფლება თანხების მოზიდვაზე იფიქრებს (თუ იფიქრებს საერთოდ), ან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებას გადაწყვეტს, მანამდე კაფეების ქსელი „დეგუსტო“ ოფიციალურად ავრცელებს განცხადებას, რომ თანამშრომლებს 20%-ით შეუმცირებს ხელფასს, რათა ისინი შეინარჩუნოს და კომპანია არ გაკოტრდეს. ოფიცილურად არ დაუწერიათ, მაგრამ არაერთმა რესტორანმა და ლაუნჯმა უხელფასო შვებულებაში გაუშვა თანამშრომლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები