კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება
Marca ამტკიცებს, რომ პსჟ-სთან ახალი კონტრაქტით (2025 წლამდეა) ფორვარდი მიიღებს იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე სხვა სპორტსმენი დედამიწის ზურგზე.
აღნიშნავენ, რომ მბაპემ „რეალს“ თანხმობა უთხრა, მაგრამ სამ დღეში შეცვალა გადაწყვეტილება. მადრიდში დაეჭვდნენ, როდესაც ფრანგი ყატარში წავიდა. ის ისე გაფრინდა, რომ წინასწარი კონტრაქტი არ გაუფორმებია ესპანურ კლუბთან , ხოლო პარიზში დაბრუნებულს უკვე ჰქონდა მრავალმილიონიანი გარიგება პსჟ-სთან.
„რეალის“ ხელმძღვანელობა განსაკუთრებით იმით იყო იმედგაცრუებული, როცა მიხვდნენ, რომ სწორედ ფული გახდა ძირითადი ფაქტორი. მბაპეზე გავლენა არ მოუხდენია არც ქვეყნის პრეზიდენტ მაკრონის თხოვნას, არც სხვა მეთოდებს გაუჭრია, ხოლო პარიზელთა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის პირობას ახალი პროექტის შესახებ და რაც მთავარია ფულს, ამან ყველაფერი გადაწონა.
ამასობაში პარიზული გუნდი ახალ მწვრთნელს დაეძებს. RMC Sport რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავარი ფავორიტია „ნიცას“ მწვრთნელი კრისტოფერ გალტიე, რომელსაც მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავს. თუმცა მისი სახელი ჯერ უცნობია.
ლუიშ კამპუში, რომელიც მალე გახდება პსჟ-ს სპორტული დირექტორი, უკვე მუშაობდა გალტიესთან „ლილში“.