მაშინ როცა მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრია გაჩერებულია და ყველა პრემიერა გაურკვეველი დროით გადაიდო, კომპანია Mazda–მ ვირტუალური ავტომობილის წარდგენა გადაწყვიტა.
ახალი კუპე ვიდეოთამაშის Gran Turismo–თვის შეიქმნა. მოდელი სარბოლო Rx-Vision GT3–ის პროტოტიპია და საკმაოდ აგრესიული ვიზუალით გამოირჩევა. სპორტქარის გამოცდას მსურველები 25 მაისიდან Sony Playstation–ის მეშვეობით შეძლებენ.
ვირტუალური კუპეს შექმნის საკითხს Mazda ერთობ სერიოზულად მიუდგა. სიახლის ექსტერიერსა თუ ინტერიერზე ბრენდის ყველაზე გამოცდილი დიზაინერები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
კომპიუტერული სპორტქარი რეალურისგან – დიფუზორით, მასიური სპოილერით, სარბოლო საბურავებით და სამუხრუჭე სისტემით განსხვავდება.
როგორც ცნობილია Mazda RX-Vision GT3 1250 კილოგრამს იწონის, მისი სიგრძე – 4590 მმ, ხოლო სიგანე – 2075 მმ–ია. ვირტუალური პროტოტიპის სიმძლავრე 560–570 ცხენის ძალას აღწევს.
რაც შეეხება ინტერიერს, სალონის შეთვალიერება ჯერ–ჯერობით შეუძლებელია, რადგან მწარმოებელმა ყველაფერი დაბურული მინებით დაფარა.