დროის ეკონომიის, კომფორტის და არჩევანის მრავალფეროვნების პარალელურად ონლაინ შოპინგი ფინანსურ და მატერიალურ რისკებთანაა დაკავშირებული. ყალბი საიტები, უხარისხო საქონელი და არაკეთილსინდისიერი გამყიდველები – რისკები რომლის შეფასება კომპიუტერის ეკრანს მიღმა რთულია. არსებობს რამდენიმე წესი რომელიც ინტერნეტით უსაფრთხო შოპინგში დაგეხმარებათ.
- გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ან დაცული კომპიუტერი
კომპიუტერში საკუთარი მონაცემების ჩატოვებით შესაძლოა მასზე წვდომა უცხო ადამიანმა მოიპოვოს.
- ონლაინ შოპინგისთვის გამოიყენეთ ცალკე პლასტიკური ბარათი
ონლაინ მაღაზიის საიტის გატეხვის ან ყალბ საიტზე მოხვედრის შემთხვევაში თქვენი ფინანსები დაცული იქნება.
- იშოპინგეთ ცნობად და დაცულ ონლაინ მაღაზიაში
კიბერდამნაშავეები, ხშირად ცნობილი საიტების ანალოგებს ქმნიან , ამ გზით ყალბ ვებ-გვერდზე შევსებული პირადი ინფორმაცია და პლასტიკური ბარათის მონაცემები კიბერდამნაშავეებს ხელში ხვდება.
- კარგად დააკვირდით მაღაზიის ვებ-გვერდის მისამართს
ბრაუზერის მისამართის ველში უნდა ეწეროს HTTPS და შემდგომ ინტერნეტ მისამართი.
- გამოიყენეთ რთული, პაროლი რომელიც შეიცავს ციფრებს,სიმბოლოებს
- ერიდეთ საიტების არარეალისტურად მომგებიან წინადადებებს
მომხმარებლის მისაზიდად, ნივთზე მითითებული დაბალი ფასის უკან შესაძლოა სხვადასხვა, დამატებითი გადასახადი იმალებოდეს, რაც ბევრად აღემატება საწყის ფასს, პლასტიკური ბარათით გადახდამდე კარგად დააკვირდით დაჯამებულ გადასახადს.
- შეამოწმეთ გამყიდველი
გადაამოწმეთ გაყიდვების ისტორია , რომელიც მითითებულიუნდა იყოს საიტზე, წაიკითხეთ მომხმარებლების გამოხმაურებები.
“ფორტუნამ” ქართველი ინტერნეტ მომხმარებლები გამოკითხა და რამდენიმე ყველაზე სანდო და პრობლემური ონლაინ მაღაზია გამოავლინა . ქართველი მომხმარებელი ყველაზე მეტად ამერიკულ მულტი ბრენდულ საიტს amazon.com -ს ენდობა, სანდო საიტებს შორის დასახელდა 6pm.com და რამდენიმე ბრენდული მაღაზიის საიტიც. საიტები საიდანაც ქართველ მომხმარებელს ვერ მიუღია ნაყიდი ნივთი ან უხარისხო საქონელი შეუძენია ძირითადად ჩინურ-აზიური საიტებია.
თამუნა გოგუაძე